მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფოს მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისის" წილის შესყიდვაზე საუბარი არაა”- კომპანიის წარმომადგენელი

61e970b8d01bf
ანუკა ჯოხაძე
20.01.22 20:42
958
რამდენიმე დღის წინ BM.GE-თან ინტერვიუში "ჯორჯიან ეარვეისის" ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია სახელმწიფოს ავიაკომპანიის 30-50%-იანი წილის შეძენისკენ მოუწოდებდა. როგორც ბოკერია ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, სახელმწიფოს მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისის" წილის შესყიდვა ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს, კერძო სექტორის ინვესტიციების სახით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი ფინანსები მოიზიდოს.

თუმცა როგორც BM.GE-თან BLC-ის პარტნიორი და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელი გიგა ბათლიძე ამბობს, ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მსგავსი შეთავაზება არ გაკეთებულა და მოსაზრება, რომ სახელმწიფომ კომპანიის კონკრეტული წილი უნდა შეისყიდოს, ჯორჯიან "ეარვეისის" ოფიციალური პოზიცია არაა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის მხრიდან მოთხოვნების ნაწილზე უარის თქმაზე ან მათ რესტრუქტურიზაციაზე.

“დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა არ მაძლევს შთაბეჭდილებას, რომ რაიმე სახის ე.წ bailout (სახელმწიფოს მხრიდან წილის შესყიდვაზე) იყოს საუბარი. ის, რაც გაჟღერდა ბოლო დღეებში, შემიძლია გითხრათ, რომ არ არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია და ამაზე კომპანია არ საუბრობს. როგორც კრედიტორმა, სახელმწიფომ შესაძლოა მოთხოვნების ნაწილზე უარი თქვას ან რესტრუქტურიზაცია გააკეთოს”, - აცხადებს BLC-ის პარტნიორი და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელი გიგა ბათლიძე.

ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" გაკოტრება/რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. კომპანიას 16 ათასი მგზავრისა და ათობით კომპანიის ვალი აქვს, რაც 176 მილიონი ლარს უტოლდება. კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობს, რომელიც მზად ორ თვეში იქნება.

BM.GE-ის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა სამინისტროში, სადაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია გაჟღერდება იმის შესახებ თუ რა ნაწილში ექნება "ჯორჯიან ეარვეისს" სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მომავალი კვირის დასაწყისშია ჩანიშნული.