მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოს სასტუმროების დაქირავებისას მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო" - IDFI

5ec3e1a7c434d
ინგა მურუსიძე
19.05.20 19:12
2102

IDFI-ს ინფორმაციით, ტურიზმის ადმინისტრაციამ 15 აპრილის შემდეგ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენებისათვის ჯამურად 690 ათას ლარამდე ღირებულების 8 ხელშეკრულება გააფორმა.

"ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, ადმინისტრაციას მომსახურებას იგივე სასტუმროები უწევენ, რომლებთანაც მანამდე ჰქონდა თანამშრომლობა, თუმცა ამ ეტაპზე ფასი განსხვავებულია.

„კერძოდ, წყალტუბო რეზორტი სპას ხელშეკრულებაში, რომელიც მომსახურების გაწევას 31 მარტიდან 30 აპრილამდე გულისხმობდა, ერთი ნომრის ფასი და ერთ ადამიანზე კვების ღირებულება მითითებული არ იყო, ჯამურად კი სასტუმრომ 31 დღით 118 ოთახის გაქირავებაში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო. ახალი ხელშეკრულება 1 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ამჯერად სასტუმრო ისევ 31 დღით 120 ოთახის გაქირავებაში 214 ათას ლარს აიღებს, რაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით 1,1 მილიონი ლარით იაფია.

რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, ძველი ფასი შენარჩუნდა სასტუმრო “444”-ის შემთხვევაში, ხოლო ამბასადორი კაჭრეთის მომსახურებაში სახელმწიფომ ისევ მხოლოდ დეზინფექციის თანხა გადაიხადა, ოთახისა და კვების მომსახურება სასტუმრომ კვლავ უფასოდ გაუწია კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ფასები საგრძნობლად შემცირებულია.
ამასთან, ერთი ხელშეკრულება გაფორმებულია სასტუმრო თბილისი შერატონთან, რომელთანაც ადმინისტრაცია მანამდე არ თანამშრომლობდა. შერატონმა 200 ოთახისა და კვები მომსახურება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გაუწია და სანაცვლოდ დეზინფექციის თანხა, 15,800 ლარი მიიღო.

აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს მთავრობის 4 მაისის დადგენილებას, რომლითაც ცვლილებები შევიდა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. დოკუმენტის მე-4 მუხლის ”ა)” პუნქტით განისაზღვრა, რომ საკარნტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, თუმცა არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა.

"4 მაისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც ერთ პერსონაზე სასტუმროში კარანტინში განთავსების მაქსიმალურ დღიურ ფასად 100 ლარი განისაზღვრა, დაგვიანებითაა მიღებული და სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციის დროულად მიღებით, სახელმწიფოს სასტუმროების დაქირავებისას მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო. 

საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს“, - ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.