მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს „სახვანჭკარე“ ყურძნის შესყიდვა(ც) უწევს - რატომ დადგა ამის საჭიროება?

5f89e0327163f
ინგა მურუსიძე
17.10.20 14:00
2604
2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. უკვე დასკვნით ეტაპზეა რთველი კახეთში, სადაც 16 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 270 000 ტონამდე ყურძენი. რაც შეეხება რაჭას, იქ რთველი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 2100 ტონა ყურძენი გადამუშავდა. აღსანიშნავია, რომ წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

რაჭული რთველის მიმდინარეობაზე წერისას bm.ge-მ გაარკვია, რომ წელს ბიზნესის მხრიდან „სახვანჭკარე“ ჯიშების ყურძნის მოსავალზეც კი ნაკლები მოთხოვნაა, ამიტომ სახელმწიფოს უწევს, თავად იყიდოს „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც განსხვავებით, რქაწითელისა და კახური მწვანისა, ბევრად ძვირი ღირს - 1 კგ „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის ფასი 7 ლარია.

„სახვანჭკარე“ ყურძენიც იმაზე მეტია, ვიდრე ბაზარს სჭირდება?

როგორც ცნობილია, საქართველოს გადასახადის გადამხდელები წლევანდელ რთველში მევენახეებისთვის მოსავლის აღებას 50 მილიონი ლარით დააფინანსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეიძენს ყურძნის იმ დარჩენილ მოსავალს, რომელსაც ფერმერებისგან ღვინის კომპანიები სუბსიდირებული ფასის მიუხედავად მაინც არ იყიდიან, რადგან ამის საჭიროება არ აქვთ. მთავრობის დაკვეთით, წელს ყურძენს ტრადიციულად სახელმწიფო კომპანია „აკურა“ (35 მლნ) და ასევე, რამდენიმე თვის წინ შექმნილი „მოსავლის მართვის კომპანია“ (15 მლნ) შეიძენს, რომელიც ასევე, სახელმწიფო საწარმოა.

როგორც ირკვევა, სახელმწიფოს ჩარევა გახდა საჭირო არა მხოლოდ კახეთში ყურძნის შესყიდვის პროცესში, არამედ - რაჭაშიც. Bm.ge-ის ჯერ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უთხრეს, შემდეგ კი ღვინის ეროვნულმა სააგენტომაც დაუდასტურა, რომ სწორედ „მოსავლის მართვის კომპანიაა“ ჩართული რაჭველებისგან ყურძნის შესყიდვაში და მოსავალს ადგილობრივ მარნებში აბინავებს.

საინტერესოა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ „სახვანჭკარე“ ჯიშების ყურძნის ნაშთების შეძენის პრაქტიკა 2018 წლიდან იწყება ანუ იქამდე მოსავალს მთლიანად ღვინის კომპანიები იბარებდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს 1 850,51 ტონა „ალექსანდროულიდან“ და „მუჯურეთულიდან“ სახელმწიფო კომპანია „აკურამ“ 33,9 ტონა შეისყიდა; 2019 წლის 2 065,42 ტონა ყურძნის მოსავლიდან კი - 463 ტონა.

რაც შეეხება წლევანდელი „რაჭული რთველის“ მიმდინარეობას, 16 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 2100 ტონა ყურძენი, საიდანაც „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ანუ სახელმწიფომ 1000 ტონამდე იყიდა ანუ თითქმის ნახევარი.

რატომ უწევს სახელმწიფოს „სახვანჭკარე“ ყურძნის შესყიდვაც?

სახელმწიფოს მიერ „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის შესყიდვის საჭიროებას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა bm.ge-ისთან ინტერვიუში ერთი მხრივ, მოსავლის დიდი რაოდენობით და მეორე მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მოლოდინებით ხსნის.

„გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა ყურძნის მოსავალი; გარდა ამისა, პანდემიის ფონზე, კერძო სექტორიდან ყურძენზე ნაკლები მოთხოვნაა. რადგან ბიზნესს ურჩევნია, რისკი არ გასწიოს. თუ პანდემია მორჩება და მომავალ წელს გაიზრდება ღვინის გაყიდვები, კომპანიები უკვე გადამუშავებულ ღვინოს სახელმწიფოსგან იყიდიან”, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

BM.GE-ის კითხვას - ხომ არ არსებობს იმის რისკი და ალბათობა, რომ შემდეგ წლებში, კახეთის მსგავსად რაჭაშიც გაღრმავდეს სუბსიდირების აღნიშნული ფორმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მოზომილად პასუხობს:

„პანდემიის გამო გრძელვადიანი პროგნოზი ძალიან რთულია და ყველაზე ცუდი სწორედ გრძელვადიანი პროგნოზების არასაიმედოობა, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნა და მიწოდება რაჭაში არ არის დაბალანსებული. თუ სტრატეგიულად გადაწყდა და სახელმწიფო მოსავლის შესყიდვისგან გამოვიდა, უბრალოდ, თავისუფალ ბაზარზე ფასი დაეცემა და შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდებაც დაბალანსდება. ახლა სახელმწიფოს არაპირდაპირ უჭირავს ფასი, რადგან ორი წელია ფასი ჩამოყალიბებულია და 7 ლარი ღირს. თუ შემდეგ წელს გადაწყდა, რომ სახელმწიფომ აღარ იყიდოს ყურძენი რაჭაში, მაშინ მოთხოვნა ფასის ხარჯზე დაბალანსდება.

ასევე, გასათვალისწინებელია გაზრდილი მოსავალიც. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ღვინოზე ფასი შემცირდა. აქ საუბარია იმაზე, რომ გლობალურ ბაზარზე არის ზეწოლა ღვინის მოხმარებაზეც, ვინაიდან „ხვანჭკარა“ არის პრემიუმ ღვინო და უფრო ძვირი, ვიდრე - სხვა სახეობები, შესაბამისად, მისი რეალიზაციაც ჭირს. საბოლოო ჯამში, რაჭა დიდი არც არის და ალბათ თავისუფალ ბაზარზე შესაბამისი ფასი „დაჯდება“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.

რაც შეეხება უფრო დეტალურად, კომპანიების მიერ სახელმწიფოსგან უკვე მზა „ხვანჭკარის“ შესყიდვის სქემას, სააგენტოს ხელძღვანელის თქმით, ღვინო აუქციონის წესით გაიყიდება.

„ცხადდება აუქციონი და დაინტერესებული კერძო კომპანია ყიდულობს ღვინო-მასალას. შემდეგ უკვე კერძო სექტორი ჩამოასხამს ბოთლებში და თავისი სახელით გაყიდის, თუმცა ადგილწარმოშობის დასახელება - „ხვანჭკარა“ დაცულია. იცვლება მხოლოდ სავაჭრო ნიშანი. შესაძლებელია ხვანჭკარის გადამუშავება და სხვა ღვინის დამზადებაც, მაგალითად, “ალაზნის ველის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.