მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახეზე გვაქვს სრული ქაოსი და გაუგებრობა“ - გადასახადების გადამხდელთა კავშირი „თბილისი ენერჯიზე“

5feb4494a8c6c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 22:20
1267
გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, კერძო სექტორი „თბილისი ენერჯისგან“ პასუხების არქონის გამო უაღრესად გაწბილებულია. ამის შესახებ ალექსანდრე რატიშვილმა „საქმის კურსში“ განაცხადა, როდესაც ენერგოკომპანიის მიერ 3 იანვრიდან კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირებაზე საუბრობდა.

რატიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შექმნილი ვითარება და ქაოსი.

„მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება და მოვითხოვეთ შეხვედრა დახურულ ფორმატში, სადაც მოხდებოდა ამ ტარიფის განხილვა იმასაც გავუსვით ხაზი, რომ შეხვედრა გაიმართებოდა მხოლოდ ასოციაციებთან. ჩვენ ამ მოთხოვნის უფლება ჩვენს თავს იმიტომ მივეცით, რომ „თბილისი ენერჯის“ გააჩნია ბუნებრივი მონოპოლისტის სტატუსი და ეს მას განყენებულ სივრცეში აყენებს.

გაწბილებულები ვართ უაღრესად. მეტი ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. რაც ყველაზე გამაწბილებელია ჩვენ ეკონომიკის მინისტრისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ გაზის ტარიფი არ შეიცვლებოდა. თუმცა რამდენიმე საათში კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა. სურათი ძალიან არასახარბიელო გვაქვს: ეკონომიკის მინისტრი ერთს იძახის, კომპანია მეორეს და ამას წინ უძღვის განცხადებები, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვისაც არ უნდა ეწყინოს ვიტყვი, რომ სახეზე გვაქვს სრული ქაოსი და გაუგებრობა, რომელიც ბიზნესის განვითარებას როგორ წაადგება, არავინ იცის“, - განაცხადა რატიშვილმა.

მისი თქმით, კომპანიისგან ის პასუხიც ვერ მიიღეს რატომ ძვირდება გაზი 24 თეთრით, რაც კერძო სექტორს კიდევ უფრო გაუგებარ მდგომარეობაში აყენებს.

„გვქონდა კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და კითხვაზე რატომ გაიზარდა ტარიფი 24 თეთრით ვერ მივიღეთ. ელექტრონულად მოგვწერეს, რომ ამ საკითხზე კონკრეტული წინადადებით 28 დეკემბრამდე დაგვიბრუნდებოდნენ. დღეს 29 დეკემბერია, მაგრამ მათგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ამ მხრივაც გაურკვევლობაში ვართ“, - განმარტა გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა.