16.მაისი .2020 21:17

„სახლიდან სახლამდე“ – რა ჩაიწერება UNWTO ახალ დოკუმენტში ტურიზმის ინდუსტრიისთვის

views 885
უკან

„სახლიდან სახლამდე“ - ასე ერქმევა UNWTO-ს ახალ დოკუმენტს, რომელშიც covid-19-ის რეალობიდან გამომდინარე მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის საჭირო რეკომენდაციები გაიწერება.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა Forbes Talks-ში განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და რეკომენდაციების სრული ვერსია მზად მაისის ბოლოს იქნება.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართულია ტურიზმის ინდუსტრიაში შემავალი ყველა რგოლის მსხვილი ასოციაციები და ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

„ჩვენი მთავარი ამოსავალია, არ გამოვაქვეყნოთ ისეთი წესები, რომლის შესრულება ამა თუ იმ ქვეყნებისთვის შეუძლებელი იქნება. 28 მაისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც დავამტკიცებთ დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის ეტაპები და წესები, რაც ტურისტმა უნდა შეასრულოს მოგზაურობისას. გუშინ ჩამოვყალიბდით და თქვენთან ვამბობ ახლა პირველად, რომ ამ პროექტს ერქმევა - „სახლიდან სახლამდე“ ანუ როგორ უნდა იმოგზაუროს ტურისტმა ისე, რომ მაქსიმალურად კარგად იყოს დაცული ისიც, მისი ქვეყანაც, ასევე, ის ქვეყანა და იმ ქვეყნის მოსახლეობა, სადაც მიემგზავრება დასასვენებლად თუ სხვა მიზნით. ამიტომ გვინდოდა, ყველა რგოლი ჩართულიყო ამ პროცესში.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს პროექტი „სახლიდან სახლამდე“ - ესაა იმ ნორმების თუ წესების ერთობლიობა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტში, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მეტროთი, ავტობუსით, ტაქსით თუ საკუთარი ავტომობილით მიდის აეროპორტამდე; შემდეგ უკვე რეკომენდაციები აეროპორტისთვის - როგორ უნდა ავიდეს ტურისტი თვითმფრინავში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ მივიდეს თავის სასტუმროში, სასტუმროდან მერე როგორ წავიდეს მუზეუმებში და როგორ მობრუნდეს სახლში უსაფრთხოდ. ეს იქნება რეკომენდაციების მთელი ციკლი; ვიღაცა შეძლებს მის შესრულებას, ვიღაცა - ვერ, ვიღაცა შეასრულებს, ვიღაცა - არა. ეს უკვე თვითონ ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა