მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახმელეთო საზღვრები თუ არ გაიხსნება, ტურიზმი ნაწილობრივ უნდა დავივიწყოთ” - ია თაბაგარი

603fb9f0c357f
ანუკა ჯოხაძე
03.03.21 21:30
1228
“სახმელეთო საზღვრები თუ არ გაიხსნება ტურიზმი ნაწილობრივ უნდა დავივიწყოთ”-ამის შესახებ BM.GE-ის ტუროპერატორთა ასოციაციის თავჯდომარემ ია თაბაგარმა განუცხადა. როგორც თაბაგარი ამბობს, მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით, დღეს ქვეყანაში შემოსული ტურისტები სრულად ინდუსტრიას ვერ დააკმაყოფილებს. თაბაგარის განმარტებითვე, ეს შეზღუდვა აქამდეც უნდა შემსუბუქებულიყო, ისე როგორც კონკრეტულ ქვეყნებში მოხდა. მისი თქმით, აქაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების მსგავსად, იგივე რეგულაციები უნდა მოქმედებდეს, გულისხმობს, როგორც PCR-ტესტის ჩატარების საკითხს, ისე ვაქცინაციის ნაწილს.

“სახმელეთო საზღვრები თუ არ გაიხსნება ჩვენ ტურიზმი ნაწილობრივ უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ საჰაერო გზით ტურისტების ძალიან მცირე პროცენტი შემოდის, რაც ვერ ეყოფა ვერანაირად მასპინძლობის ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ სახმელეთო საზღვრების გახსნა არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. საუბარია რომ შემოვუშვათ აცრილი ხალხი, როგორც დუბაიმ გააკეთა და თურქეთი აკეთებს. თავისუფლად დასეირნობს ხალხი, ამის გაკეთება აქამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება რომ საქართველომ აიღოს მათი მაგალითი. ამას სჭირდება მობილიზება და სახმელეთო საზღვრების მოწესრიგება", - აცხადებს ტუროპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე ია თაბაგარი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს  ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ქვეყნებიდან მოქალაქეებს უფლება აქვთ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, შემოვიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ.

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR-კვლევა, თან საკუთარი ხარჯებით.
სრულად იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც უარყოფითი PCR-ტესტით ტურისტებს ჩამოსვლა შეუძლიათ შეგიძლიათ იხილოთ აქ.