მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახმელეთო საზღვრების გახსნა ისევ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება?! - მაია სიდამონიძე

60ad10dd1b962
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.21 09:05
904
1 ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნება - აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. სახმელეთო საზღვრების მოთხოვნით სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება აქამდე ვერ ხერხდებოდა.

ტურისტული კომპანია „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე BM.GE-სთან საუბრისას სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ტურიზმის გააქტიურებას ეს ხელს შეუწყობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბევრად ადრე უნდა მიეღოთ. ის კითხვას სვამს - რატომ არ გაიხსნა საზღვრები აქამდე?

„საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, რადგან თავიდანვე ვამბობდი, არ უნდა ვყოფილიყავით იზოლაციაში და გარკვეულწილად ადაპტაცია უნდა მოგვეხდინა, რაც ნიშნავს რეგულაციების კარგად გაკონტროლებას და ჯანდაცვის სისტემის კარგად გამართვას. ვერ ვხვდები რატომ იღებს სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია და როდესაც 100-200 ინფიცირების შემთხვევა იყო, საზღვრები მაშინ არ გახსნეს“, - აცხადებს სიდამონიძე.

მისთვის გასაგებია, რომ შეზღუდვის გახსნა ზაფხულის სეზონის გააქტიურებას უკავშირდება, მაგრამ აქვს გარკვეული კითხვები: „მაშინ რატომ ჩააგდეს ზამთრის სეზონი, რა დააშავა გუდაურმა და ბაკურიანმა. დღეს ხომ მდგომარეობა თითქმის იგივეა, რაც ნოემბერში და ჩვენ კი საზღვრებს ვხსნით, ეს ისევ არჩევნებთან ხომ არ არის დაკავშირებული?!"

ვაქცინაცია და რეგულაციების კონტროლი - შეზღუდვების გახსნის პარალელურად დარგის წარმომადგენელი ამ პრიორიტეტებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროაქტიული გეგმა როგორ უნდა შეძლოს შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მდგომარეობის სწორი მართვა.

„ერთი მხრივ, ეს მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაციაა, მეორე მხრივ კი - რეგულაციების კონტროლი, ოღონდ არა შერჩევითი მიდგომით, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრი რესტორანი მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც რესტორნებს ეკრძალებოდათ ოპერირება, არამედ - თანასწორად. ისინი უნდა კონტროლდებოდეს, რათა გასულ წელს აჭარაში გართულებული მდგომარეობის სურათი განმეორდეს“, - უთხრა BM.GE-ს მაია სიდამონიძემ.