მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Saxo Bank-ი რუს და ბელარუს კლიენტებთან მუშაობას წყვეტს

6251646ccd87b
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 15:03
722
სანქციების გამო დანიური Saxo Bank-ი რუსი კლიენტებისთვის საბროკერო ანგარიშების მომსახურებას წყვეტს. ორი თვის განმავლობაში რუსმა ინვესტორებმა აღნიშნული ბანკიდან ან უნდა დახურონ ყველა პოზიცია და გამოიტანონ თანხა, ან გადარიცხონ სხვა ბროკერთან.

რუსი კლიენტების საბროკერო ანგარიშები Saxo Bank-ში 2022 წლის 6 ივნისიდან დაიხურება.

საინვესტიციო კონსულტანტი, ალინა ანანიევა RBC-სთან განმარტავს, რომ იგივე შეზღუდვები ბელორუსის მოქალაქეებზეც გავრცელდება, მაგრამ თუ სანქცირებული ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის რეზიდენტობა აქვთ, მათი ანგარიშები არ დაიხურება. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ანგარიშების მომსახურება დსთ-ს სხვა ქვეყნებიდანაც, როგორებიცაა ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ა.შ.

Saxo Bank-ის სანქცირებული ქვეყნების კლიენტებს ამ ორი თვის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ დაიხურება მათი ანგარიშები, შეეზღუდებათ ახალი პოზიციების გახსნა ან მიმდინარე პოზიციების გაზრდა. შეზღუდვა 2022 წლის 8 აპრილიდან ამოქმედდა.

აგრეთვე, თუ რუსი და ბელორუსი მოქალაქეების ანგარიშების ღირებულება 100 ათას ევროს გადააჭარბებს, Saxo Bank-ი ზღურბლზე გადაცილებულ ყველა თანხას ცალკე ანგარიშზე გადაიტანს.

თებერვალში ევროკავშირმა რუსებისთვის ბანკებში თანხების ოდენობაზე შეზღუდვები დააწესა და საკრედიტო ინსტიტუტებს, რომლებსაც ევროკავშირი არეგულირებს, ეკრძალებათ 100,000 ევროზე მეტი დეპოზიტების მიღება. (თითო ბანკზე).

თებერვლის ბოლოს ამერიკულმა კომპანია Interactive Brokers-მა რუსი კლიენტები სანქციების გამო მომხმარებელთა ანგარიშების დაბლოკვის რისკების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ჯერჯერობით მათთან მუშაობას არ წყვეტს.

რუსების მიერ დაარსებულმა და მალტაში რეგისტრირებულმა ევროპულმა ბროკერმა Exante-მა კი, რუსეთისა და ბელორუსიის მაცხოვრებლებს თანხების გატანა დოლარში და რუსულ რუბლში აუკრძალა, სხვა დანარჩენი ვალუტა გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი რჩება.

არც IB, არც Exante და არც Saxo Bank არ არიან ლიცენზირებული რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ. ეს ნიშნავს, რომ მათი კლიენტები რუსეთში არ ექვემდებარებიან ცენტრალური ბანკის რეგულირებას. ამავდროულად, ისინი კვლავ ორიენტირებული იყვნენ, სხვა საკითხებთან ერთად, რუსებთან მუშაობაზე. იგივე Saxo Bank-ს ბოლო დრომდე საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია რუსულად ჰქონდა განთავსებული, ხოლო ბანკის მენეჯერები და ანალიტიკოსები ღონისძიებებს რუსეთში ატარებდნენ.