მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვას 2019 წელს ბიუჯეტი არ ეყო - თანხა 30 სხვა პროგრამიდან დაამატეს

5ecd398fbd9d5
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.20 21:10
1202
2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებმა რეკორდულ 824.9 მილიონ ლარს მიაღწია. ეს ამავე წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით მთელი 74.7 მილიონი ლარით მეტი იყო. პროგრამისთვის ფინანსების დამატება 2019 წლის დეკემბერში მოხდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა 30 სხვა პროგრამას მოაკლო და საყოველთაო ჯანდაცვას დაამატა.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამას - „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა“ (27 03 01), საბიუჯეტო წლის განმავლობაში გადაუნაწილდა ჯამში 74.7 მლნ ლარი. მათ შორის, ხარჯთაღრიცხვის რვა ცვლილებით სამინისტროს 30 სხვა ქვეპროგრამიდან - 39.7 მლნ ლარი, ხოლო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან - 35 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეპროგრამაზე მსგავსი ტიპის გადანაწილებებს ადგილი ქონდა გასულ წელსაც,”- ნათქვამია ანგარიშში.

თითქმის ანალოგიური მოხდა 2018 წელსაც. მაშინ პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა.

2020 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 757 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი, რაც თავად 2019 წლის ფაქტობრივ ხარჯებთან შედარებით 68 მილიონი ლარით ნაკლებია. სავარაუდოდ, ბიუჯეტის განახლებულ დოკუმენტში COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, ამ პროგრამის ასიგნებების გაზრდაც მოხდება.