12.ნოემბერი .2019 19:42

საყოველთაო ჯანდაცვის 754-მილიონიანი ბიუჯეტი შესაძლოა 16 დღეში ამოიწუროს

views 1142
უკან

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მკვეთრად გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 11 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 717.5 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამისთვის მხოლოდ 36 მილიონი ლარი რჩება. თუმცა ეს თანხა არსებული ხარჯვის პირობებში მხოლოდ 16 სამუშაო დღისთვის არის საკმარისი.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, პროგრამაში არსებული ვითარება ასეთია:

  • 2019 წლის 315 დღის განმავლობაში ათვისებულია 717.5 მილიონი ლარი, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.277 მილიონ ლარია.
  • იმისთვის, რათა პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისება 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე, შეუფერხებლად მომხდარიყო, ყოველდღიური საშუალო ხარჯი 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. 
  • თუ ბიუჯეტის ხარჯვა არსებული ტემპით გაგრძელდება, მაშინ 754-მილიონიანი ასიგნებები, დაახლოებით, 16 დღეში ამოიწურება. ამ შემთხვევაში, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ფუნქციონირებისთვის 64 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. 


საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა

2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა