მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები განსხვავებულ ტარიფებს ვეღარ დაადგენენ

5d979bd6ae350
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 11:20
2888
სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების მექანიზმს შეცვლის. ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა პარლამენტში გასული თვის დასაწყისში განაცხადა, როცა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ.

ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით განხორციელდება, რაც ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის.

იმის გამო, რომ სამთავრობო სხდომების დროს ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ ჩამოსულა მედია ოთახში და არ მოგვეცა შესაძლებლობა მინისტრისგან მოგვესმინა მეტი განმარტება, როგორ და რა მექანიზმით აპირებენ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას, ამ კითხვით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ.

როგორც ზოიძე bm.ge-თან განმარტავს, საუბარია ფასთწარმოქმნის ერთიანი პრინციპის დანერგვაზე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს არ მისცემს საშუალებას მომსახურებაზე განსხვავებული ტარიფები დააწესონ.

„ეს ის რეფორმაა, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. სამწუხაროა, რომ მთავრობამ ეს აქამდე ვერ შეძლო.

ეს ნიშნავს, რომ იქნება სამართლიანი ფასთწარმოქმნის პრინციპზე დამყარებული სისტემა, რომელიც ერთიანი იქნება. იქნება ეს სახელმწიფო, იქნება ეს პაციენტი, რომელიც ჯიბიდან იხდის თუ კერძო სადაზღვევო კომპანია.


ერთიანი პრინციპი იქნება ფასთწარმოქმნის და არა ისე, რომ ახალი კლინიკა თუ ხარ შეგიძლია დაადო 5000 ლარი მომსახურებას და ძველი კლინიკა თუ ხარ 500 ლარზე მეტს არავინ გადაგიხდის. ეს ნაწილი აწვება მოქალქეებს ჯიბეზე.

ჩვენ შეიძლება ვამბობდეთ, რომ 70%-ს ვფარავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სინამდვილეში ზოგიერთ კლინიკაში ფასების განსხვავებიდან გამომდინარე, შეიძლება 70% კი არ გამოვიდეს სახელმწიფოსგან დაფარული, არამედ 30-40-20%, ხოლო დანარჩენის გადახდა მოუწიოს პაციენტს. ამიტომ ეს სქემა უნდა შეიცვალოს და ეს დიდი ხანია გასაკეთებელი იყო“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გარდა წელს ჯანდაცვის სისტემაში სხვა არაერთი რეფორმა დაანონსდა. როგორც ზოიძე ამბობს, ცვლილებების ნაწილი წელსვე განხორციელდება.

„ცდების ეტაპი უკვე გავიარეთ.ახლა მოქმედების დროა“-აცხადებს ზოიძე.