მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა ტიკარაძემ საჩხერის კლინიკის ყოფილ მენეჯერს ჩააბარა

5df8dcf8e42c6
შოთა ტყეშელაშვილი, თელარა გელანტია
17.12.19 18:32
3358
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის "სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორის მოადგილის მოვალეობას ამ დროისთვის თამარ მელიქიძე ასრულებს. უწყების სტრუქტურული დაყოფის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სწორედ მელიქიძის დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტის მართვაში იქნება. 

მელიქიძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჩხერის საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი იყო. საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, bm.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის თამარ მელიქიძე მისი მოადგილის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამავე პოზიციაზე ოფიციალურად ვაკანსია არის გამოცხადებული. თუმცა, სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, თამარ მელიქიძე არა - მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ მოადგილეა. გიორგი წოწკოლაური bm.ge-ის პასუხობს, რომ ვებგვერდზე სიტყვები "მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი" არ დაეტია, ამიტომ პირდაპირ "მოადგილე" ჩაწერეს.

"ის შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია, მას დაკისრებული აქვს მოადგილის მოვალეობა, ის კურირებს ჯანდაცვის მიმართულებას, ხოლო ვებგვერდზე რაც წერია, იმას ჩაასწორებენ, ვერ ჩავატიეთ", - ამბობს გიორგი წოწკოლაური. 

- კითხვა: "რაიმე ვალდებულება იყო, რომ ქალბატონი თამარი კონკურსის გარეშე დანიშნულიყო?"

- პასუხი [გიორგი წოწკოუალური]: "მაგ საკითხს მე ვწყვეტ და მინისტრი წყვეტს, ეტყობა იყო საჭიროება. ტყუილად ხომ არ დავნიშნავდით? ეს რა შეკითხვა არის?"

- კითხვა: "როგორ რა შეკითხვა არის? არ უნდა ვიცოდეთ თანამდებობაზე ვინ როგორ ინიშნება საქართველოში?"

- პასუხი: "ყველაფერი არის გამჭვირვალედ, კონკურსი არის გამოცხადებული, შესაბამისად, რომ დასრულდება კონკურსი, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ქალბატონი თამარი თუ სხვა ვინმე."

- კითხვა: "ვაკანტური იყო ეს პოზიცია თუ რა ვალდებულება იყო, რომ დანიშნულიყო კონკურსამდე მოვალეობის შემსრულებლად?"

- პასუხი: "მომისმინე, მე თავად პროფესიით ვარ ფინანსისტი, აღარ გვყავდა ისეთი მოადგილე იმ პროფესიის, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია ექნებოდა ამ მიმართულებით. კონკურსი უკვე დღეიდან გამოცხადებულია HR.gov.ge-ზე არის ატვირთული."



bm.ge თავად თამარ მელიქიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოგვწერა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის საქმიანობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან ოფიციალურად შეუდგება.

მისივე თქმით, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოსტს, უკვე აღარ იკავებს. 

საქართველოში მოქმედი კლინიკების დიდი ნაწილი უკვე არაერთი კვირაა, რაც მთავრობის #520-ე დადგენილებას აპროტესტებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები, რაც პროგრამის გაზრდილი ხარჯვის შემცირებას ისახავდა მიზნად, კლინიკების შეფასებით უსამართლო ფასებს აწესებს და მთლიანად ჯანდაცვის სექტორს ახალი პრობლემის წინაშე აყენებს. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია. მასზე 2019 წელს 754 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მისი ბიუჯეტი წელსაც დადგენილზე ადრე ამოიწურა და მას მთავრობამ დამატებითი სახსრები გამოუყო. ამ დროისთვის პროგრამის ბიუჯეტი 765 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, საიდანაც 760 მილიონი უკვე ათვისებულია.