მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვისთვის დამატებული 95 მლნ ლარი ამოიწურა, მთავრობამ მას კიდევ 20 მლნ გამოუყო

5fdb1cfcb226f
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.20 12:50
1050
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი ნოემბერში ამოიწურა. სახელმწიფო ხაზინის თანახმად, წლის ბოლომდე ამ პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების შედეგად მას 95 მილიონი ლარი დაამატა. ამის შედეგადაც პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

თუმცა, როგორც ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიშიდან ირკვევა, პროგრამისთვის საკმარისი არც 95 მილიონი ლარის დამატება არ აღმოჩნდა, რის გამოც მას ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ კიდევ 20 მილიონი ლარის რესურსი დაამატა და პროგრამის დაფინანსება 917 მილიონ ლარამდე გაზარდა.

17 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის მთლიანი ათვისება 904 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, წლის ბოლომდე ასათვისებლად 13 მილიონი ლარი რჩება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე ადრე ამოიწურა და მას სახსრების დამატება დასჭირდა. ანალოგიური მოხდა 2019, 2018, 2017, 2016 და 2015 წლებშიც, როდესაც სამედიცინო ხარჯები დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა, რამაც თანხების გადახარჯვა გამოიწვია.

2019 წელს პროგრამისთვის 754 მილიონი ლარი იყო განკუთვნილი, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯებმა 828 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2020 წლისთვის დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5.64 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც 5.5 მილიარდი ლარი უკვე ათვისებულია.