20.სექტემბერი .2020 21:00

საზღვარგარეთ სწავლა ქართველ სტუდენტებს 10 000–15 000 ევრო უჯდებათ

views 458
უკან

ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 10–15,000 ევროს იხდიან. ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი ყველაზე პოპულარული პროფესიების ჩამონათვალში სიის ლიდერია. გლობალური პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საგანმანათლებლო ტურისტების რიცხვი საქართველოდან.

განათლების საკონსულტაციო სააგენტო – PRIME STUDY–ს მიხედვით, ქართველ სტუდენტთა შორის, 2020–2021 სასწავლო წლის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტების ხუთეულში ლიდერი ბერლინის European School of Management and Technology (ESMT)–ია. მას მოსდევს: Istituto Europeo di Design (IED) - მილანი, იტალია, IESEG School of Management - პარიზი, საფრანგეთი,Lund University - ლუნდი, შვედეთი და Kyoto University of Advanced Sciences - კიოტო, იაპონია.
„აღნიშნულ უნივერსიტეტებში სწავლის წლიური საფასური 10-15 ათასი ევროს ფარგლებშია,“ -BM.GE–თან საუბარში განაცხადა დავით მიქელაძემ, PRIME STUDY–ს დამფუძნებელმა.

მოთხოვნად პროფესიათა ხუთეულში ლიდერი ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტია. მომდევნო ოთხეული კი ასე გამოიყურება: ინჟინერია, არქიტექტურა და დიზაინი, კომპიუტერული მეცნიერებები და ფსიქოლოგია.

სხვა ბიზნესების მსგავსად, კოვიდ–19–მა უარყოფითი ზეგავლენა იქონია PRIME STUDY–ს საქმიანობაზეც. „წელს დაახლოებით 30%-ით ნაკლები აპლიკანტი გვყავდა, გასულ წელთან შედარებით,“ ამბობს PRIME STUDY–ს დამფუძნებელი.
მიქელაძის თქმით, ბევრმა მსურველმა საზღვარგარეთ გამგზავრება და სწავლა უპირველესად, ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო გადაიფიქრა. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისი და ლარის მსყიდველუნარიანობის შესუსტება, რაც რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს დამატებით წინაღობებს უქმნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის სამგზავრო შეზღუდვები, რისი გათვალისწინებაც უწევთ იმ სტუდენტებს, ვინც მიუხედავად არსებული ვითარებისა, მაინც მიემგზავრება სასწავლებლად საზღვარგარეთ.

PRIME STUDY–ს დამფუძნებლის თქმით, პანდემიის პირველი შოკი ქართულმა საზოგადოებამ და მთლიანად მსოფლიომ გარკვეულწილად გადაიარა. შესაბამისად, 2021–22 სასწავლო წლისთვის მისი მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია. „მიმაჩნია, რომ მომავალ წელს გლობალური პანდემია ვეღარ გახდება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის,“ - განაცხადა დავით მიქელაძემ, PRIME STUDY–ს დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა