16.სექტემბერი .2020 10:19

საზღვრების ჩაკეტვა დიდი რისკია - ICC

views 239
უკან

„გლობალური ვაჭრობა თითქმის მესამედით დაეცა და ამ ვაჭრობის აღდგენას რამდენიმე რამ დასჭირდება - მათ შორის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც“, - ასე უპასუხა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალურმა მდივანმა ჯონ დენტონმა გადაცემა The Checkpoints-ის თანაავტორის და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას - რამდენად აქვს ამ პანდემიას იმის ძალა, რომ გლობალიზაცია ეჭვქვეშ დააყენოს და ქვეყნებს უფრო ნაციონალისტური პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგოს.

ბოლო გათვლებით, დაახლოებით, 3-დან 5 ტრილიონ დოლარამდეა საჭირო იმისთვის, რომ გლობალურმა ვაჭრობამ 2019 წლის დონეზე დაბრუნება შეძლოს. „ეს ძალიან დიდი დანაკლისია“ - ამბობს ჯონ დეტონი და იქვე იმ მთავარ რისკსაც ასახელებს, რამაც შესაძლოა ყველაზე მეტად შეაფერხოს გლობალური ვაჭრობის აღდგენა.

„თუ პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ მათ ინტერესში შედის საკუთარი ხალხისთვის ძალისა და მართვის უნარების დემონსტრირება საზღვრების ჩაკეტვით და მეტი ნაციონალისტური პოლიტიკით - ამბობს ჯონ დენტონი - "მაშინ ვაჭრობა ჩერდება და გაჩერებული ვაჭრობის პირობებში, გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ქრება. ეს ძალიან დიდი რისკია“.

ჯონ დენტონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა. ის არის გლობალური ბიზნესლიდერი, პოლიტიკის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი და ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებში. დენტონი წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული ჯგუფის IFM Investors-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Veracity WorldWide-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ICC მსოფლიოს 100 ქვეყანაში 45 მილიონ კომპანიას აერთიანებს, მისიით - ბიზნესის წარმოება გაუმარტივოს ყველას, ყოველ დღე და ყველგან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა