მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზღვრის კვეთის მონაცემების კვარტალში ერთხელ გამოქვეყნება გაურკვევლობას გამოიწვევს“ - ლაშა ქავთარაძე

63f4a544a5ab9
თინათინ ნატმელაძე
21.02.23 22:40
717
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცნობილი გახდა, რომ შსს-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებს ყოველთვიურად აღარ გამოაქვეყნებს. ვახტანგ გომელაურის უწყებაში აღნიშნული ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გადმოტანით ახსნეს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ „სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია არ იცვლება“, იცვლება მხოლოდ ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება.

აღნიშნულ ცვლილებას Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე „საქმიანი დილის“ ეთერში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს მოსახლეობაში ერთგვარ გაურკვევლობას გამოიწვევს, რაც საკმაოდ უარყოფით მოვლენად შეფასდება.

„იმ გარემოში, სადაც გაურკვევლობა ისედაც დიდია, ყოველთვიური მონაცემების ქონა პროგნოზს აადვილებდა - საზოგადოება ხედავდა, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადი იმატებდა და შესაბამისად იზრდებოდა შემოსავლებიც, რასაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა გაცვლით კურსზე, ეს კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. ახლა ეს ინფორმაცია კვარტლის განმავლობაში აღარ იქნება ცნობილი და ამ პერიოდის განმავლობაში გაურკვევლობა კიდევ უფრო გაიზრდება. საერთო ჯამში, ეს ცვლილება უარყოფითი უფროა, ვიდრე დადებითი. კვარტალურ შედეგებს საგადამხდელო ბალანსში ისედაც ვნახულობდით,“ - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე ცნობით, Galt&Taggart-ს იანვარში ტურიზმის შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეული პროგნოზის გაკეთება მაინც შეუძლია და შემოსავალი 300 მილიონი დოლარის ფარგლებში ივარაუდება.

BMG დაინტერესდა - შსს-ს ახალი წესის გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს თუ არა საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ.