01.ივნისი .2020 17:04

საზმაუს 2018-2019 წლებში არცერთი სტარტაპი დაუფინანსებია - კობერიძის კითხვა ირინა ფუტკარაძეს

views 465
უკან

"სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 წლის მანძილზე არცერთი სტარტაპი არ აქვს და არც ნაბიჯი გადაუდგამს ამ მიმართულებით", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ლევან კობერიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმეა იმაშია, რომ 2017 წლის ბოლოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში" შესული ცვლილებების თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს სტარტაპები დააფინანსოს, რასაც დეპუტატი მხარს არ უჭერდა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ფუტკარაძეს ის პერიოდი (2017 წელი) შეახსენა, როცა საკითხს  პარლამენტში მწვავე დისკუსიების ფონზე განიხილავდნენ და უმრავლესობაში ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული განხეთქილებაც კი იყო. 

„თემა იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი ბიუჯეტიდან უნდა ჰქონოდა სტარტაპებთან დაკავშირებით გეგმა. მაშინ  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პოზიცია იყო, რომ არსებობს ეკონომიკის სამინისტროში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ბევრი სხვა ამდაგვარი რამ და სჯობდა, მათ მიერ გაკეთებულიყო მსგავსი პროექტი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დაიჟინეთ და საკითხი გაიტანეთ. ათვისება კი, ფაქტობრივად არ მომხდარა. რატომ იყო ასეთი აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება? მაშინ ლამის უმრავლესობა დაიშალა ამ საკითხის გამო, რა არ დაგვაბრალეს მე და რომან კაკულიას, რადგან წინააღმდეგები ვიყავით ამ საკითხის. შავი პიარი იყო ამ საკითხზე, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ. საკანონმდებლო დონეზე მიგვაღებინეთ ეს საკითხი. მაშინ ნახევარმა უმრავლესობამ ლამის დახოცა ერთმანეთი და ორი წელია არ აგიმოქმედებიათ. რატომ მიიღეთ ან თუ მიიღეთ, რატომ არ აამოქმედეთ?“, - მიმართა კობერიძემ ფუტკარაძეს, რომელმაც თავის მხრივ შემდეგი პასუხი გასცა:

„მახსოვს, ძალიან დიდი კამათი იყო ამაზე და ჩვენ მიერ იყო დაჟინებული. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს; სამწუხარო რეალობა არის ის, რომ არც 2018 და არც 2019 წლებში სტარტაპი არ გვქონია, მე არ მაქვს ინფორმაცია რა იქნება 2020-ში ამ მიმართულებით. ძალიან ლოგიკური შეკითხვაა, რა საჭირო იყო, თუ არ გამოვიყენებდით? მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მენეჯმენტს გადავცემ ამ საკითხს და დავინტერესდები“.

ცნობისთვის: მაუწყებლობის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისებისათვის, ტელე-, რადიო- და ონლაინპროდუქციის ინოვაციური განვითარებისათვის, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაფინანსების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე".


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა