მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოება და ბანკები": თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა ვერ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა

5dd6a60363563
სალომე მეცხვარიშვილი
22.11.19 09:45
1145
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებში” მიაჩნიათ, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე რეფინანსირების განაკვეთის ზრდას კიდევ ელოდება.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, “საზოგადოება და ბანკებში” მიაჩნიათ, რომ თავის დროზე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მსგავსი შეზღუდვები არ უნდა დაეწესებინა, რაზეც მათ კერძო სექტორი აფრთხილებდა კიდეც, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების შეზღუდვას ეკონომიკურ ზრდაზე ცუდი შედეგი ექნებოდა.

თუმცა, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მთავრობა მაშინ გაჯიუტდა, ეროვნულმა ბანკმა კი პრინციპულობა და დამოუკიდებლობა ვერ გამოიჩინა და რეგულაციებიც დაკანონდა.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ ლარში გასაცემ სესხებზე ზღვარი 100 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ სჯობს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გვიან, მაგრამ მაინც მიიღოს.

“ახლა ვხედავთ ეტაპობრივად უკან დახევას და მცდელობას, რომ რაღაც რეგულაციები მოხსნან და დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას. ეს გვაკარგინებს ძალიან ბევრ დროს და ქვეყანა ვერ მიდის წინ.

საბანკო რეგულაციებმა, მათ შორის 200 ათას ლარამდე სესხების შეზღუდვამ, გამოიწვია შემდეგი: ბანკებს დოლარის რესურსი ჰქონდათ, სესხებს ვეღარ გასცემდნენ დოლარში, ამან პირიქით, გააძლიერა ლარზე ზეწოლა, სამწუხაროდ, ლარში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და ეროვნულ ბანკსაც უწევს ინფლაციის შებოჭვის მიზნით რეფინანსირების განაკვეთის ზრდა”,- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით(მთავრობამ განიხილოს ლარში გასაცემი სესხების ზედა ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება) დადასტურდა, რომ მთავრობას უარესი მოლოდინები აქვს, ამიტომ ცდილობს საკუთარი შეცდომა გამოასწოროს.

“როგორც ჩანს, მათი მოლოდინი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ლარის კურსის მეტ გაუფასურებას ელოდებიან, ასევე ეკონომიკური ზრდის შემცირებას, მოდის საარჩევნო წელი და ძალიან დაძაბულია პოლიტიკური ვითარება, რაც ეკონომიკას ურტყამს, ამის აღმოსაფხვრელად უკან დახევა საჭიროა. ჯობდა, თავის დროზე გაეთვალისწინებინათ როგორც ბიზნესის, ასევე საბანკო სექტორის აზრი”,- აცხადებს კეპულაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეალურად საბანკო რეგულაციების თემა პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, როცა მან თქვა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა. ოფიციალურად ცვლილებები კი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დააკანონა.

“საბანკო რეგულაციების თემა “ქართულ ოცნებაში" ჩემი აზრით, წამოვიდა მისი დამფუძნებლისგან ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა საქართველო, რასაც არანაირი არგუმენტაცია არ მოჰყოლია. მის ქვევით მდგომი ადამიანები დაფაცურდნენ, რომ როგორმე მათი უფროსის გული მოეგოთ და შემოიღეს საბანკო რეგულაციები. ეროვნულმა ბანკმა ვერ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა, დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა და დაჰყვა პოლიტიკოსების ნებას. საბოლოო ჯამში ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მივიღეთ ძალიან მკაცრი რეგულაციები, რაც ახლა შეიძლება დაბრალდეს მამუკა ბახტაძის მთავრობას, ბევრი მინისტრი, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ახლაც “ქართული ოცნების” მთავრობაშია. ეს იყო “ქართული ოცნების” შეცდომა, რასაც დღეს ვიმკით. სასურველია, რომ მთავრობის შეცდომებს არ აჰყვეს სები- და არ დაუჭიროს მხარი ისეთ რეგულაციებს, რომელიც საბოლოო ჯამში შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას და ქვეყანას უკან წაიყვანს. ახლა ამის შეცვლა, როცა ფინანსთა მინისტრს აძლევენ შესაბამის დავალებას, უკვე დაგვიანებულია”, - განაცხადა კეპულაძემ.