მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართული ქმედებები გვაშორებს დასავლეთს და განვითარებას - ლალაზაშვილი

619794c692c9a
ინგა მურუსიძე
19.11.21 18:10
653
აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება განვითარებას ხელს უშლის. ამის შესახებ მან BM.GE-ს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განუცხადა და დასძინა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„ჩემი პოზიცია ასეთია: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა საბოლოო ჯამში, გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა; ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია უფრო მეტი აგრესიისკენ, საზოგადოების გახლეჩისკენ, ცალსახად გვაშორებს დასავლეთსაც და ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. მთლიანობაში, ამაზე თითქოს არავინ საუბრობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის ცუდი შედეგების მომტანი იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება თითოეულ ადამიანზე, ამიტომ ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, თუ საზოგადოება, ჩვენი ქმედებები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რაღაცა გაუმჯობესდეს, რათა არსებული ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეთ. დღეს შექმნილი ვითარება კი ხელს უშლის ამ ყველაფერს“, - ამბობს ზურან ლალაზაშვილი.

bm.ge-ს კითხვაზე - როგორია მისი რჩევა - როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა ან ოპოზიცია, BDO-ს მმართველი პარტნიორი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის შეფასებისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამის იმედი არ აქვს.

„მე, პირადად, რჩევას გავცემდი მენეჯმენტის და კომპანიების გადმოსახედიდან. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზნებს, გვჭირდება ყველა ადამიანის ჩართულობა რაღაცის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, ყველაზე სწორია ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადანაწილება. თუ ვამბობთ, რომ დასავლური დემოკრატიის მომხრე ვართ, ეს, რა თქმა უნდა, გამოიხატება კოალიციური მთავრობის შექმნაში. არ დავიწყებ საუბარს ყოფილ პრეზიდენტზე, დამნაშავეა თუ არა, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ პასუხისმგებლობა სხვებზეც გადანაწილდება, ეს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში რთული იყოს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში, დადებითი შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

რაც შეეხება რისკებს, რომლებიც მიმდინარე პროცესებს ახლავს, BDO-ს მმართველი პარტნიორის თქმით, ძალიან რთულია იმის შეფასება თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოზე.

„ზოგადად, ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების ნაბიჯები ძალიან დიდ გავლენას ახდენს მომავალზე, მაგრამ ამას ვიგებთ მაშინ, როცა მომავალი დადგება. ის ხალხი, ვინც დღეს არაფერს აკეთებს მომავლისთვის, 10 წლის შემდეგ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს იმაზე, რასაც ვერ მივაღწიეთ, ისევე როგორც 20 წლის წინ გაშვებულ შესაძლებლობებზე დღეს არავინ იღებს პასუხიმგებლობას. ცალსახაა, რომ შექმნილი სიტუაცია მომავალზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა ლალაზაშვილმა.

49 დღეა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებისა და სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, კრიტიკული გახდა.