მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს” - გელა კვაშილავა

625450279cf83
ანუკა ჯოხაძე
11.04.22 22:40
989
თბილისში სატრანსპორტო რეფორმა 2023 წელს უნდა დასრულდეს. ესაა თბილისის მერიის მხრიდან გაცხადებული გეგმა. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება სრულად განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე ქალაქში 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები არ შემოსულა და არ მოწყობილა სწრაფი სატრანზიტო დერეფნები, სადაც ამ ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს.

დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ პროცესები ამ კუთხით შენელებულია და უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი გელა კვაშილავა ამბობს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი დაფინანსების მოძიებაა საჭირო. მისი თქმით, პროცესებში თბილისის მერიასთან ერთად კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს ცენტრალური მთავრობაც.

“სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს 2023 წელს უნდა დასრულდეს, შესაბამისად ამ მიმართულებით ფინანსების მიმართვაა საჭირო. ბევრი რაღაც დამოკიდებულია ცენტრალურ მთავრობაზე. არამარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან მას ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როცა საწვავი გაძვირდა.

რეფორმა უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს და ის ძირითადი დერეფნები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა არ ისარგებლოს კერძო ავტომობილით", - აცხადებს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი გელა კვაშილავა.

ცნობისთვის, გასულ კვირას თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მომავალ წელს მოხდება. არადა 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა წლებია ანონსდება, ეს ავტობუსები კი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, სწორედ ამ ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ იმ 10 სატრანზიტო დერეფანში, რომლის რამდენიმე წელია მიმდინარეობს.