მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზებას დროებით აჩერებს

5f36b9d2edfa9
BM.GE
14.08.20 20:13
1492
საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზებას დროებით აჩერებს, - ამის შესახებ განცხადება საზმაუს ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი აუქციონი 40 მლნ. დოლარის (ექვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, 1-თვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ. დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა.

უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ. დოლარად მესამედ იქნა გამოტანილი აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.

უძრავი ქონების აუქციონზე მორიგ ჯერზე გამოტანასთან დაკავშირებით, საგარეო და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, აღარ გააგრძელოს აუქციონის პროცედურები", – წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს ახალი შენობის ახალ მისამართზე მშენებლობას. თბილისში, კოსტავას 68 ნომერში მდებარე უძრავი ქონება კი საჯარო შეთავაზებით, გასაყიდად აუქციონზე იქნა გამოტანილი. 

„ახალი კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა ეკონომიკური პროცესების პარალიზება და განსაკუთრებული სიმძიმით სწორედ იმ სექტორებს შეეხო, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მაუწყებლის უძრავი ქონების გაყიდვასთან – სასტუმრო და სავაჭრო ბიზნესი. გლობალურის გარდა, გასათვალისწინებელია შიდა ფაქტორებიც, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, რა დროსაც ბიზნეს სექტორი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის უძრავი ქონების გაყიდვაზე“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ.

განცხადების მიხედვით, აუქციონი განახლებული პირობებით არჩევნების შემდეგ გამოცხადდება, – "თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ პოტენციურ მყიდველებსა და ინვესტორებს მიაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად".