05.დეკემბერი .2020 16:40

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ჯანდაცვის ერთ-ერთ პრინციპს ეწინააღმდეგება“

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ჯანდაცვის ერთ-ერთ პრინციპს ეწინააღმდეგება“
views 1924
უკან

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ – თანასწორობის – პრინციპს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა Forbes Talks-ში განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა თანასწორობის დაცვის შესახებ კონსტიტუციაში წერია და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, სხვადასხვა სოციალური ფენების უფლებების გათანაბრება.

„მონაცემები რომ ვნახოთ, როგორია კორელაცია ტრანსპორტის აკრძალვასა და ეპიდემიის შეკავებას შორის – ასეთი მონაცემები არ არსებობს. ევროპული CDC-ის გაიდლაინის მიხედვით, არის რამდენიმე ინტერვენცია: განრიგის შეზღუდვა, სატრანსპორტო ერთეულებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა, ნიღბების ტარება, დისტანცია, ტრანსპორტის დეზინფექცია და სხვა, მაგრამ იქ არ არის საუბარი ტრანსპორტის სრულად შეზღუდვაზე. საერთაშორისო პრაქტიკაში სულ რამდენიმე მაგალითია, როდესაც ტრანსპორტი შეიზღუდა - უჰანში, ინდოენთში და სლოვაკეთში, მაგრამ ეს ხდებოდა ტოტალური ლოქდაუნის პირობებში, როდესაც ხალხი რჩებოდა სახლში და სახელმწიფო ასუბსიდირებდა მათ.

ჩვენთან არ არის ლოქდაუნი და ადამიანს სჭირდება მოქნილობა, იმისთვის, რომ ადაპტაცია მოახდინოს შეზღუდულ ეკონომიკურ გარემოსთან. ასეთი მოქნილობა განსაკუთრებით დაბალ ეკონომიურ საფეხურზე მდგარ მოქალაქეებს ესაჭიროებათ, რადგან შედარებით შეძლებულებს ან რეზერვი აქვთ, ან ფიქსირებული ხელფასები და ამიტომ თავის შენახვას ახერხებენ. დისპროპორციულად დაბალ ეკონომიკურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებს უფრო შეეზღუდათ თავისუფლება - მათ არც ავტომობილები ჰყავთ და არც ტაქსით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ეს ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია თანაბარუფლებიანობა - თანასწორობა.

საქართველოს კონსტიტუციაში არის მე-5 მუხლი სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების სოციალურ თანასწორობას. ვფიქრობ, რომ ამ კონცეფციასთან მიმართებაში მინიმუმ კითხვის ნიშანი მაინც ჩნდება“, - განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა