მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზტრანსპორტი გუშინ 100 000-მდე მგზავრს ვერ მოემსახურა - კალაძე პრობლემის მოგვარების გზებზე

63340267ba800
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 12:12
1492
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო გააქტიურებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა და მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული.

მან აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების ნაწილში დედაქალაქის მერია თანმიმდევრულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახლებულ ავტოპარკს შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაახვედრონ, რათა საზტრანსპორტზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მან აღნიშნა, რომ ყვითელი, ძირგამომპალი ავტობუსები და მიკროავტობუსები სწორედ მოსახლეობის მხარდაჭერით წარსულს ჩაბარდა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებულობა, გამართულობა და კომფორტულობა. პირველი ნაბიჯები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ორი რთული წლის მიუხედავად, და იმის მიუხედავად, რომ კოვიდმა სერიოზული პრობლემები მოგვაყენა პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სატრანსპორტო მიმართულებით რაც დაგეგმილი იყო, ყველაფერი განხორციელდა. მთლიანად ჩავანაცვლეთ პარკი, ამას ხშირად არასწორად ატრიალებენ და იყენებენ, თითქოს ჩვენ რაღაც არასწორს ვამბობთ - კი, დედაქალაქს, თბილისს ჰყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინა პარკი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტექნიკურად გამართულია და ადაპტირებულია შშმ პირებზე, მაგრამ ეს პრობლემის მოგვარება არ არის, შემდგომი ნაბიჯი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდაა კომფორტულობა - გადაადგილების თვალსაზრისით. კი, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები ახალი და მოწესრიგებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბევრი ავტომობილი პრობლემაა და ამას უნდა დაუპირისპირდეს გამართული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"დღეს გვაქვს გამოწვევა და ამასაც ვხსნით, თუ რატომ არის გადაადგილება პრობლემური დედაქალაქში, ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. ყოველწლიურად მზარდი ავტომობილების რაოდენობა - ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპისპიროთ გამართული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანმა 500 დოლარაინი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, არამედ ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს.

გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. ზუსტად ამის გამო კეთდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დღეს პრობლემას წარმოადგენს და არავინ გაურბის და უარყოფს იმას, რომ დისკომფორტია. დიახ, დისკომფორტია, იმიტომ რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი - ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის ქუჩა გადათხრილია და უმნიშვნელოვანესი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ეს ქუჩები ყველანაირად მოწესრიგებული და ადაპტირებული იყოს. როგორც ეს ჭავჭავაძეზე გაკეთდა იგივე მიდგომა გვექნება ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის შემთხვევაშიც. ცხადია დისკომფორტია, მაგრამ მეგობრებო ძალიან მალე სამუშაოები დასრულდება და ეს პრობლემა, რომელიც დღეს გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს მოიხსნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საცობები თბილისში ყოველთვის იყო და გადაადგილება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, კონკრეტული კვანძები, რომელიც დედაქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა, რომელიც მერიის სამსახურებს განსაზღვრული აქვს. მისი ინფორმაციით, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე და დიდ დიღომში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იქ მოწყობილი საავტობუსე ზოლებით დარეგულირდა.

კახა კალაძემ განმარტა, რომ მერიას 12 კვანძი აქვს განსაზღვრული, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ერთიანი ქსელის გამართვა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას გაამარტივებს.

„ჩვენს განსაზღვრული გვაქვს 12 ლოკაცია, სადაც საჭიროა ჩარევა, რათა მოწესრიგდეს ეს საკითხი, მაგრამ ამას უცებ ვერ გავაკეთებდით.

გუშინ საზოგადობრივმა ტრანპოსრტმა 1650 ბრუნის გაკეთება ვერ მოახერხა, ანუ 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას, ეს მგზავრთა რაოდენობაში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. ეს ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია ის, რომ ვიცით რატომ ვერ მოხერხდა ეს. მერწმუნეთ როდესაც ამ სამუშაოებს დავასრულებთ, საზოგადოებრივი ტნასპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწავდომი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.

მან თბილისში ავტომობილების გაზრდილ რაოდენობასა და მგზავრთნაკადის ის რაოდენობები დაასახელა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოემსახურა.

„ქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებაზე დაკვირვებით გასულ წელს, პიკურ პერიოდში, დეკემბერის დღეებში, ქალაქში 460 000 ავტომობილი მოძრაობდა, დღეს ყოველდღიურად დედაქალაქში 590 000 ავტომობილი მოძრაობს. ეს პრობლემაა. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტის დაახლოებით 1 300 000 ადამიანი გადაჰყავს. ერთი მხრივ მიხარია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა იზრდება, მეორე მხრივ კი ინფრასტრუქტურის განვითარების კომფორტულობა და ხელმისაწვდომობა უნდა გავზარდოთ“, - განმარტა კიდევ ერთხელ თბილისის მერმა.