მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სჭირდება თუ არა საქართველოში Airbnb-ის დარეგულირება?

5e1f47fd8d3dc
მარიამ ადამია
15.01.20 22:00
1559
საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება Airbnb-ზე როგორც აპარტამენტების რაოდენობა, ასევე მათი დამქირავებლების რაოდენობა, რადგან ადამიანები ეძებენ არა მხოლოდ ღამის გასათევს და სტანდარტულ სასტუმროს, არამედ განსხვავებულ გამოცდილებას, ადგილობრივ კულტურასა და საინტერესო ინტერიერს. ანუ ზოგადი ტენდენცია და გემოვნებაა შეცვლილი და მცირე და საშუალო სასტუმროების უკანა პლანზე გადაწევა განაპირობა სწორედ ამ ფაქტმა.

„Airbnb პრობლემას უქმნის მთელს მსოფლიოში სასტუმროების ქსელს, რადგან მას შემდეგ რაც ის შეიქმნა, დიდ კონკურენციაში შევიდა კერძო სექტორთან. ამიტომაც ყველა ქვეყანაში არის საუბარი მის დარეგულირებაზე, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს არ განხორციელდა. ჩვენს ქვეყანაში კი ბაზარი ძალიან მცირეა და ვფიქრობ რაღაც დონეზე თავისით რეგულირდება. არამგინია რეგულაცია იყოს ამ პროცესებში გამოსავალი, რადგან შეიცვალა სამყარო, ახალი ეკოსისტემაა შექმნილი, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამიტომ ასე პრობლემების შექმნითა და რეგულირებით საქმე არ გაკეთდება,“ - განაცხადა WeHost-ის დამფუძნებელმა, ნიკა ანჯაფარიძემ.

G&T-ს მონაცემებით, საქართველოში, Airbnb-ის მეშვეობით მიღებულმა შემოსავალმა, 2018 წელს 23 მლნ დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და წინასწარი მონაცემებით, 50-60 მილიონს მიაღწია.
ამჟამად გაქირავებაში 20 000-ზე მეტი ბინაა, ხოლო წლის ბოლო თვეებში 14-15 ათასი ბინა აიტვირთა საიტზე, რაც აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში არსებული ბინების რაოდენობას.

„წინა წლებში გაჩნდა მოლოდინი და წარმოდგენა ბაზრის შესახებ, რომ ყველა ვინც ანთავსებდა ბინას Airbnb-ზე, მიიღებდა ძალიან მაღალ შემოსავალს, ამან განაპირობა ბინების სიმრავლე და სწორედ ამ სიმრავლიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეგულაციების გარეშეც, ბაზარი თავისით გაფილტრავს მათ, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით“ - განაცხადა Bm.ge-სთან საუბარში კახა სამყურაშვილმა, G&T-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

თანაბარი პირობების შექმნა მცირე სასტუმროებსა და Airbnb-ის ბინებისთვის არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელზეც სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელი თანხმდება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუკი რეგულაციების აუცილებლობაზე მიდგა საქმე, პროგრამის მაქსიმუმი შეიძლება ჩვეულებრივი ბინებისგან განსხვავებული სატარიფო პირობების დაწესება გახდეს, თუმცა, სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერი, ქეთევან წერეთელი კალენდარული წლის განმავლობაში დღეების ლიმიტის დაწესებასაც არ გამორიცხავს აპარტამენტის გაქირავებისთვის.

„გაქირავების დროს დღეების გარკვეული რაოდენობა რომ ჩაეშვას, მაგალითად მეპატრონეებს წელიწადის განმავლობაში 50% რომ ჰქონდეს 365 დღიდან, კარგი იქნება. რეგულირების მომხრე ვარ რადგან, ეს სფერო დასარეგულირებელია, რადგან ჩვენ სამვარსკვლავიანი სასტუმროები ვგრძნობთ ამ დარტყმას და უსამართლობას,“ - აღნიშნა ქეთევან წერეთელმა.

ფაქტი კი ერთია, ბაზრის დივერსიფიცირებისთვის საჭიროა არსებობდეს ბაზარზე თავისუფალი, ყოველგვარი რეგულაციებისგან თავისუფალი პლატფორმა Airbnb, რომელიც უკვე წლებია ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი გახდა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ის იზიდავს ევროპელებს და ყველაზე სასურველ კატეგორიას, მილენიალებს.