მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: "რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება ინფლაციაზე კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე"

5d8b22c521b87
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.19 12:19
1265
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება იქამდე, სანამ ინფლაციაზე ლარის გაუფასურებიდან მიმდინარე ზეწოლა არ იქნება აღმოფხვრილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა. განაკვეთის ზრდით იმ მოქალაქეებს, ვისაც ეროვნული ვალუტის სესხი ცვლად განაკვეთზე ჰქონდა მიბმული, კრეიდიტის მომსახურება გაუძვირდებათ. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება:

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა.

კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება."