06.მარტი .2020 19:20

სებ-ი აცხადებს, რომ მათთან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დრაფტი 20 თებერვალს შევიდა

views 497
უკან

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, მოქალაქეთა დანაზოგების ინვესტირებას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის შემუშავება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა. თუმცა, საბჭოს ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული აღნიშნული დოკუმენტი.

თავად სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულია დრაფტი, დასამტკიცებლად ეროვნულ ბანკში არის გაგზავნილი და ისინი მის დასტურს ელოდებიან.

BMG-იმ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ მათთვის მთავარი საინვესტიციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა 2020 წლის 20 თებერვალს მოხდა. 

"ა.წ. 20 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენილ იქნა მთავარი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და ამჟამად მიმდინარეობს მისი განხილვის პროცესი," - ნათქვამია სებ-ის პასუხში.

2020 წლის თებერვლამდე მოქალაქეთა მიერ საპენსიო შენატანების სახით გადარიცხული თანხები კომერციული ბანკების და სებ-ის მიმდინარე ანგარიშებზე ირიცხებოდა. მათი ინვესტირება მხოლოდ თებერვალში დაიწყო, როდესაც საპენსიო სააგენტომ მოქალაქეთა შენატანებიდან 560 მილიონი ლარი შვიდი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. 15 მილიონი ლარი კი, კომერციული ბანკის ვადიან დეპოზიტებზე განათავსა. ამ ოპერაციის განსახორციელებლად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ 2020 წლის 22 იანვარს ე.წ. "დროებითი დებულება" დაამტკიცა. 

ამ დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია აქტივების მხოლოდ სამი კატეგორია, რომელშიც საპენსიო სააგენტოს თანხა შეიძლება იყოს განთავსებული. ესენია:

  • ვადიანი დეპოზიტები საქართველოს კომერციულ ბანკებში; 
  • მიმდინარე (Current) დეპოზიტები საქართველოს კომერციულ ბანკებში; 
  • საქართველოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატები. 

ამასთანავე, საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულია ის ლიმიტები, რაც ინვესტირების პროცესში უნდა იქნეს დაცული. კონკრეტულად კი, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, აკრძალულია ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტი იყოს განთავსებული.

“ინვესტიციები სადეპოზიტო სერტიფიკატებში, გადამეტებული რისკების თავიდან აცილების მიზნით კომერციულ ბანკებს შორის უნდა იყოს განაწილებული ისე, რომ ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტი იყოს განთავსებული.

ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კონცენტრაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბანკის კაპიტალის 20%-ზე უფრო მეტი ოდენობის თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში ინვესტირება არ არის დასაშვები.

ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ საფინანსო ინსტრუმენტებში, რომელთა გამომშვები ორგანიზაციებიც შეფასებული არიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების - Standard & Poors-ის, Moody’s-ის, Fitch-ისა და Scope Ratings-ის მიერ. ამასთან მინიმალური შეფასება უნდა იყოს CCC და უფრო მეტი", - ნათქვამია საინვესტიციო პოლიტიკის დროებით დებულებაში.

"დროებითი დოკუმენტის" არსებობის მიუხედავად, კვლავ უცნობია თუ როდის იქნება მიღებული სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა