მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესს ცვლის

60891b3825175
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.21 12:26
1564
საქართველოს ერონვული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის - თუკი აქამდე ბანკებისთვის მოქმედებდა ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები, ამ ცვლილების შემდეგ ბანკებისთვის განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნები ამოქმედდება. 

ამჟამად მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 25%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე. ამასთან, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15%-ს.

სებ-ის მიერ დღეს წარდგენილი მოდელის მიხედვით კი, სარეზერვო მოთხოვნა თავად ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამ მოდელით სებ-ი საბანკო სისტემაში დეპოზიტების ლარიზაციის ზრდას გეგმავს. 

"ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტი იქნება; ხოლო 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება. ანალოგიურად, 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას", - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის 7.2%-მდე ზრდის გამო რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე გაზარდა.