მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ციფრული ლარის პროექტზე ათეულობით ტექნოლოგიურ კომპანიას შეხვდა

61ee9f3d65baf
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.22 17:31
1128
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში “ციფრული ლარის” შემოღების პროექტზე მუშაობს. საკითხთან დაკავშირებით სებ-ს “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სადეპუტატო კითხვით მიმართა. ეროვნული ბანკის პასუხიდან ირკვევა, რომ CBDC-ის, ანუ ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით სებ-ი ათობით სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას შეხვდა და შესაძლო ტექნიკური სისტემები განიხილა.

“შევხვდით ათეულობით დაინტერესებულ ტექნოლოგიურ კომპანიას და განვიხილეთ პოტენციური ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც ციფრული ლარის შექმნისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. არსებული ციფრული ტექნოლოგიების სიმწიფისა და ადგილობრივი ფინანსური ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით, ციფრული ვალუტის სარგებელის, ხარჯისა და რისკების ანალიზი განხილვის პროცესშია. ანალიზის პროცესი ასევე მოიაზრებს ციფრული ლარის კონკრეტული მახასიათებლების დაზუსტდებასა და გასაჯაროვებას, მასშტაბის განსაზღვრას და ციფრული ვალუტის საპილოტე/სატესტო რეჟიმში გაშვებას, რაც ციფრული ლარის პროექტის შემდგომი ეტაპების სამოქმედო გეგმის და დანერგვის საგზაო რუკის შედგენის საფუძველი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ექნებათ ციფრული ლარის და დაკავშირებული ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში ჩაერთონ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაციისათვის ასევე აქტიურად ვიყენებთ ფინანსური ინოვაციების ოფისს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია კითხვით მომართვა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პასუხში.

ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო კითხვით ამ პროექტის განხორციელების ვადების გასაჯაროებასაც ითხოვდა, თუმცა ამ მიმართულებით სებ-ი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.