მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი განმარტავს, "საბანკო რეგულაციებმა" როგორ გაზარდა ეკონომიკის ზრდის ტემპი

5eb6c4675e1b5
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 18:21
1254
საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შემოღებას და მის შედეგად ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის პირობების გამკაცრებას ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა, რადგანაც ამ ახალი წესების გამო ერთის მხრივ შემცირდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი და გაიზარდა ბიზნესის დაკრედიტება, რასაც თავისმხრივ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. ეს დადებითი გავლენა კი 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაში აისახა. 

ეროვნული ბანკი აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. სებ-ის ინფორმაციით, 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ბიზნეს სესხები უფრო მეტად ახდნენ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე გავლენას, ვიდრე სამომხმარებლო (ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხები. 

ეროვნული ბანკის განმარტება:

"როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შედეგად, ბანკებს შეეზღუდათ სამომხმარებლო სესხების გაცემა და გამონთავისუფლებული რესურსით გასცეს ბიზნეს სესხები. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2019 წელს მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ბოლო 3 წლის საშუალო ზრდის ტემპისგან. თუმცა, სესხების ზრდის სტრუქტურა იურიდიული პირების დაკრედიტების სასარგებლოდ შეიცვალა. სესხების აღნიშნულმა გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ბიზნეს სესხები მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის.

მთლიან შიდა პროდუქტზე ეფექტის დასათვლელად შედარებულია სესხების ფაქტიური და რეგულაციის არ შემოღების შემთხვევაში მოსალოდნელი ზრდის ტემპები. მოსალოდნელი ზრდის ტემპი შეფასებულია წინა წლების საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით. ფაქტიურ და მოსალოდნელ სესხების გაცემებს შორის განსხვავება გამრავლებულია მათ მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებაზე. გათვალისწინებულია, რომ კორპორატიული და SME სესხები უფრო მეტ დამატებით ღირებულებას ქმნიან ვიდრე სამომხმარებლო სესხები. აღნიშნული შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 აპრილიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში ცვლილებები შევიდა და 2019 წელს დამტკიცებული რეგულაციები გარკვეულწილად შერბილდა.