31.მარტი .2020 17:34

სებ-ი: ჰაკერების მიერ გავრცელებული პერსონალური მონაცემები ფინანსურ ინფორმაციას არ შეიცავს

views 436
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ჰაკერული თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეთა პირად ფინანსურ მონაცემებს. შესაბამისად ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი რათა უცხო პირებმა განახორციელონ ფინანსური სახის ოპერაციები. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება:

"2020 წლის 30 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა.

შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშულებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს მომხმარებლის მიერ ფინანსური მონაცემების გამოყენებას და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

ჰაკერული თავდასხმის შესახებ:

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet-ი წერს, რომ 28 მარტს, ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის, (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტში, გაასაჯაროვეს.

საუბარია მოქალაქის სახელზე, გვარზე, პირად ნომერზე, მის მისამართზე ასევე დაბადების თარიღზე. გამოცემის ცნობით, ფაილის ზომა, რომლითაც მოქალაქეთა პირადი მონაცემები გასაჯაროვდა 1.04 გიგაბაიტია. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის კომპანია Under the Breach აღმოაჩინა და ZDNet-ს მიაწოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი მონაცემთა ბაზა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ჰაკერებმა ინტერნეტ-სივრცეში განათავსეს. შესაბამისად, ცესკოში განმარტავენ, რომ გასაჯაროებული მონაცემთა ბაზა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეკუთვნის. 

"ამ სიაში საუბარია 4 მილიონზე მეტ ამომრჩეველზე, ჩვენ სიაში არის 3.5 მილიონი ამომრჩეველი. გარდა ამისა, მიცვალებულები არის მოცემული, რაც ჩვენს ბაზაში არ არის. ასევე აღნიშნულია მამის სახელი, ეს მონაცემები ჩვენს ბაზაში აღნიშნული არ არის," - ამბობენ ცესკოში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და მის შესახებ დამატებით განმარტებებს უახლოეს პერიოდში გააკეთებენ. 

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა