მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი: ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება

5f355d7bc0873
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 09:40
969
2020 წლის მე-2 კვარტალში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა, რაც მანამდე პროგნოზირებულ დონეს პრაქტიკულად ემთხვევა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.

სებ-ის დოკუმენტის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრად შემცირებულმა მოთხოვნამ სამომხმარებლო ფასებზე ძლიერი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, რაც ნაწილობრივ დაბალანსდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად გაზრდილი იმპორტირებული ინფლაციითა და შუალედური ხარჯებით. "აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან ინფლაციის გადახრაში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა იმ დანახარჯების წვლილი, რომლებიც პანდემიის საპასუხო ზომების ფარგლებში კომპანიებისთვის დაწესებულ რეგულაციებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანახარჯები დროებითი ხასიათისაა, არსებულ ვითარებაში ისინი განსაკუთრებით ზრდის ფასებს მომსახურების სექტორში", – წერია ანგარიშში. 

სებ-ის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება. მომავალ წელს კი მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან მიუახლოვდება.

ამასთან, რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2020 წლისათვის -5%-მდე შემცირდა. ამის მიზეზად კი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ის ფაქტორებია წარმოდგენილი, რომელიც მშპ-ის ზრდის პროგნოზს განაპირობებს:

„დღესდღეობით პანდემია კვლავ გრძელდება და ვაქცინის შექმნის სავარაუდო თარიღი კვლავ ბუნდოვანია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები კი უკვე ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის მობილობა კვლავ მკაცრად შეზღუდული რჩება. ვაქცინის შექმნამდე დიდი ალბათობით ქვეყნებს შორის გადაადგილება შეზღუდული დარჩება და/ან მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარება. ეს ვითარება, წინა პროგნოზთან შედარებით, ტურიზმის სექტორს მოსალოდნელზე მეტად აზარალებს, რაც პროგნოზირებული ეკონომიკური რეცესიის კიდევ უფრო გაღრმავებას განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, ისევე როგორც წინა პროგნოზში, ფისკალური სუბსიდირება შიდა ეკონომიკურ აქტივობას დაეხმარება და რეცესიას ნაწილობრივ შეარბილებს. საკრედიტო ზრდის შენარჩუნებაც შიდა მოთხოვნის ხელშეწყობის ერთ-ერთი ფაქტორია”, - განმარტავენ სებ-ში.

მათი შეფასებით, მშპ-ს ზრდის პროგნოზს ასევე პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და პროცესები განაპირობებს.

„საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას მასზე დიდი გავლენა აქვს. ამგვარად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ზემოაღნიშნული პროგნოზები დიდწილად ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და გაცვლითი კურსების მოსალოდნელი დინამიკის შესახებ დაშვებებს ეყრდნობა.

პროგნოზისა და მასთან დაკავშირებული რისკების ცვლილებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ვითარების შესახებ განახლებული დაშვებები.

განახლებული პროგნოზით, 2020 წლისთვის, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეცესია გაღრმავდა. ამასთანავე, ვალუტების მოსალოდნელი გაუფასურების ზომამ მცირედით იკლო. მიუხედავად რეცესიის გამწვავებისა, მოსალოდნელი ინფლაციის ზომა უმნიშვნელოდ შემცირდა. ეს შესაძლებლებია რეგულაციების შედეგად კომპანიებისთვის გაზრდილი ხარჯების დინამიკას უკავშირდებოდეს. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად გატარებულმა ღონისძიებებმა წარმოების ხარჯები გაზარდა განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. ამდენად, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მიმდინარე რეცესია დეფლაციური იყოს“, - ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.