მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია არ შემცირდება - გვენეტაძე

61b0ab3135ecd
თელარა გელანტია
08.12.21 16:50
464
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, მაღალი ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გამოწვევააა, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისთვის.

ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარუდგენს.

„გლობალურად გახანგრძლივებული პანდემიის გამო, მსოფლიო 2021 წელს ეგზოგენურ ფაქტორებით შეხვდა: ეს იყო საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა, ეკონომიკის ჩაკეტვები და კოვიდ-19-ის შედეგად საწარმოების ერთ-ერთეულ პროდუქტზე ხარჯების ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

სწორედ ამიტომ, 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში როგორიცაა აშშ (6.2% - დაახლოებით ბოლო 30 წლის მაქსიმუმი) და გერმანია (წინასწარი მონაცემებით 5.2% - დაახლოებით ბოლო 29 წლის მაქსიმუმი).

აღნიშნული სიტუაცია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, როგორც საშუალოვადიანი პერიოდის ორიენტირს, რომლისკენაც მიმდინარე ინფლაციამ უნდა იმოძრაოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კერძოდ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის ნომინალური ღუზაა - ის იმისგან გვიცავს, რომ შოკების შემდეგ ინფლაცია მის გრძელვადიან ოპტიმალურ დონეს, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებლად ვაწესებთ, ისევ დაუბრუნდეს ხოლმე.

მაღალი ინფლაციის დროს მაღალი ინფლაციის მიზნის დაწესებით, პრაქტიკულად, ინფლაციის მიზნის არსებობის დანიშნულებაზე ვიტყოდით უარს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებით კი ბაზრისთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავა და დროებითი იქნება“, - თქვა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა.