მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ-ი პანდემიის დროს 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა“ - გვენეტაძის პასუხი გაცემულ პრემიებზე

60b76a5bdaf51
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 15:42
680
IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2020 წელს, სსიპ-ებსა და სხვა დამოუკიდებელ უწყებებს შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით, ყველაზე მეტი 5.5 მლნ ლარი გასცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, რაზეც კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ სებ-ის თანამშრომლები ჯანდაცვის უწყებაში დასაქმებული პირების მსგავსად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

„ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის ფუნქციები ძალიან გაიზარდა. ჩვენი მანდატია არასაბანკო სექტორის ზედამხედველობა, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა; გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების და ფინანსური განათლების მიმართულება და ა.შ. მეორე მხარეა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც კოვიდი დაიწყო, ეროვნულ ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, სხვა ყველასგან განსხვავებული, ალბათ ჯანდაცვას ჰქონდა კიდევ ასეთი ფუნქცია და ჩვენ - ერთი, რომ ქვეყანაში ნაღდი ფულის მიწოდება 24 საათის განმავლობაში არ უნდა გაჩერებულიყო და ეს არ არის მარტივი, როდესაც ლოქდაუნი ცხადდება და მეორე - სისტემას გამართულად უნდა ემუშავა ანუ გადახდები. ყოველი გადახდის უკან ეროვნული ბანკი და ის სისტემა დგას, რომელსაც ეროვნული ბანკი უვლის. ამავე დროს ფინანსურ სისტემას - მისო-ებს, კომერციულ ბანკებს უნდა ემუშავათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა გვემუშავა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. ლოქდაუნის დროს, როდესაც ყველა სამსახური დაკეტილი იყო, სებ-ი მუშაობას აგრძელებდა“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ დამატებითი კითხვების შემდეგ განმარტა, რომ ეროვნულ ბანკს 530 თანამშრომელი ჰყავს და მას როგორც სებ-ის პრეზიდენტს პრემია არასდროს აუღია.