მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი: ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ სექტემბერში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

5f96efae4c86d
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.20 20:30
2171
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 13.07 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.8 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 11.26 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.04%-ია. აგვისტოსთან შედარებით კი ფულის მასა 429.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.46 მილიარდი ლარია.

ფულის მასის ზრდა სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის ზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრივ COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შერბილებას ისახავს მიზნად.