მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებში სრულიად დამოუკიდებელია - მინისტრი

60797b243c8de
შოთა ტყეშელაშვილი
16.04.21 16:23
868
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების განხორციელების პროცესში სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს. მინისტრი ამბობს, რომ სებ-ი ინტერვენციებს არა კონკრეტული დღის გაცვლითი კურსის შესაცვლელად, არამედ ბაზარზე ზედმეტი მერყეობის შესამცირებლად ახორციელებს. 

"როდესაც საუბარია ინტერვენციებზე, ეროვნულ ბანკს აქვს სტრატეგია და გათვლები, თუ რა ოდენობით არის საჭირო ასეთი ტიპის ინტერვენცია. ეროვნული ბანკი ასევე დამოუკიდებელია, თუ როდის შეიძლება იყოს ასეთი ინტერევენცია გამოყენებული. ეს ინტერვენცია არ არის იმისთვის, რათა კონკრეტულ პერიოდში ლარის კურსის ცვლილება განხორციელდეს, ეს ინტერვენცია არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის თარგეთირებას და მკვეთრი რყევებიდან თავის არიდებას,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი. 

2021 წლის განმავლობაში სებ-მა სულ 6 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც $212 მილიონი დოლარი გაყიდა. მათ შორის ბოლო სავალუტო აუქციონი გუშინ შედგა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარზე $25.4 მილიონის ათვისება მოხდა. 2020 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობის - 26 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $873 მლნ დოლარი გაყიდა. 

რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის საკითხს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორებიდან ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის გაუმჯობესება მოხდა, თუმცა ტურისტული შემოსავლები კვლავ პანდემიურ გავლენას ინარჩუნებს.

"რაც შეეხება კურსთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით რამდენიმე ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პირველ რიგში ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. აქედან რამდენიმე ფაქტორს ავღნიშნავ, ვხედავთ, რომ ფულადი გზავნილები საკმაოდ გაზრდილია ბოლო პერიოდში, მეორე ფაქტორი არის ექსპორტი რომელსაც გასულ თვეს საკმაოდ მაღალი ზრდა ჰქონდა და აპრილშიც შემოსავლების სამსახურის ოპერატიული მონაცემებით ასევე კარგი ზრდა უნდა დაფიქსირდეს. ეს ნიშნავს რომ სავალუტო შემოდინებების ამ ნაკადების აღდგენა ხდება. მესამე ფაქტორი არის ტურიზმი, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული პანდემიის გავლენასთან და ვაქცინაციის პროცესი სწორედ მისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.