მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი TBC-ის მოუწოდებს, "პროგრეს ბანკის" შესახებ დოკუმენტაცია სამართალდამცავებს მიაწოდონ

5da73cbd165d6
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.19 19:59
3244
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სს “პროგრეს ბანკის” შესახებ განცხადება გააკეთა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. ის "თიბისი ბანკს" მოუწოდებს, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

“მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური. შემიძლია გითხრათ, რომ "თიბისი ბანკის" მიერ შეძენილია "პროგრეს ბანკის" აქტივების 95% და ვალდებულებების 100%. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ამის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკში ვერ მოვიძიეთ და ჩვენ მივმართეთ "თიბისი ბანკს", რომ თუ მართლაც არსებობს ასეთი დოკუმენტი, გადასცეს შესაბამის ორგანოებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე გვაცნობოს ჩვენ ამ დოკუმენტების შესახებ. როდესაც გვექნება ეს დოკუმენტი, იქ ვნახავთ, რაზეა საუბარი. არ ვიცით, რა დოკუმენტაციაა, რადგან არ გვინახავს ის. ჩვენი მანდატის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებდა და მაქსიმალურს გააკეთებს", - ამბობს მესტვირიშვილი.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წელს, როდესაც "თიბისი ბანკი" "რესპუბლიკა ბანკის" შეძენას გეგმავდა, ბიძინა ივანიშვილმა მას "რესპუბლიკასთან" ერთად, "პროგრეს ბანკის" შეძენაც მოსთხოვა. საბოლოოდ "თიბისი ბანკმა" "პროგრეს ბანკის" აქტივების მხოლოდ ნაწილი შეიძინა. 

კახა კალაძემ "პროგრეს ბანკი" 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს "პროგრეს ბანკის" აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ "ბანკ რესპუბლიკასთან" ერთად იყიდა. 

დღეს კი, კახა კალაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ "პროგრეს ბანკის" 22%-იანი წილის შეძენის მიზანი "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან" ბანკის გადარჩენა იყო. 

„როდესაც მე მივიღე გადაწვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო - „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი მეთოდით, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, რომელსაც ვემსახურებოდით ჩვენ კრედიტებით და ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს?! იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ს და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან?! სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?!”, - აცხადებს კახა კალაძე. 

რაც შეეხება „პროგრეს ბანკის“ ერთ-ერთ მეწილეს, ილია გავრილოვს, როგორც კახა კალაძე აცხადებს, მის წარსულ საქმიანობას არანაირი კითხვის ნიშნები არ გაუჩენია.