მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონის 1 პროცენტული პუნქტით ზრდას პროგნოზირებს

6054a251864b0
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.21 22:21
959
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს. მათ შორისაა ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინებიც. საუბარია საბაზისო; პოზიტიურ და ნეგატიურ ეკონომიკურ სცენარებზე. 

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის თანახმად, წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 1 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, შესაბამისად ის 21%-ს მიაღწევს; პოზიტიური სცენარის შემთხვევაში უმუშევრობის დონე წლის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდება, ნეგატიური სცენარის მიხედვით კი უმუშევრობის 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდა არის მოსალოდნელი. 

შეგახსენებთ, საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 20.4%-მდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში უმუშევრობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა.

საქსტატის ინფორმაციით, თუკი 2019 წელს დასაქმებულად 1.278 მილიონი ადამიანი ითვლებოდა, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1.199 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობამ 79 ათასით იკლო, მათ შორის 74.6 ათასით შემცირდა დაქირავებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულთა რაოდენობამ კი 5 ათასით იკლო. ასევე 26 ათასით შემცირდა მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალა, ხოლო უმუშევართა რიცხვი წლიურ ჭრილში 52.9 ათასით, 307.8 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის ზრდა ძირითადად საქალაქო დასახლებებში მოხდა, სადაც უმუშევრობის დონე წლიურ ჭრილში 5.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლად კი, უმუშევრობა პირიქით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 



შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს საქსტატმა უმუშევრობის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გამოქვეყნება დაიწყო. განახლებული კრიტერიუმებით, საქსტატი ავტომატურად თვითდასაქმებულებად აღარ აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტებს მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის აწარმოებენ. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე, რაც წინა მეთოდოლოგიით 11.6% იყო, 17.6% გახდა.