მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის 7-კაციან საბჭოს ნახევარ წელზე მეტია 2 წევრი არ ჰყავს - რას ფიქრობს კობა გვენეტაძე

5e31a211eef53
თელარა გელანტია
29.01.20 19:50
1012
უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 7-წევრიანი საბჭო 2 წევრის გარეშეა. 

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს - ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურა; საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა. მოგვიანებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანდიდატები მოიწონა, მაგრამ ვიდრე ხიშტოვანს და მიროტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც მოუსმენდა და მოიწონებდა, გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა. მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მიროტაძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრ ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი, სადაც პარლამენტარმა თქვა, რომ გიორგი მიროტაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორია.

მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა და ამ დრომდე არც გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურა დაუმტკიცებია პარლამენტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში bm.ge-ის უთხრეს, რომ საკითხის განხილვა დროში შეზღუდული არაა, თუმცა იქვე დასძინეს, რომ სავარაუდოდ, საგაზაფხულო სხდომის დღის წესრიგში ჩასვამენ.

Bm.ge-მ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესც ჰკითხა - უშლის თუ არა სებ-ის საბჭოს მუშაობაში ხელს ის ფაქტი, რომ 2 წევრი აკლია და ხომ არ მოუწოდებდა პრეზიდენტს და პარლამენტს, იაქტიურონ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

კობა გვენეტაძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა:

„დღესდღეობით, ეროვნული ბანკის საბჭოში არის 5 წევრი და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები სებ-ის კანონის და უფლებამოსილებების მიხედვით. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატების წარდგენას, მოგეხსენებათ, რომ ეს არის უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და ვფიქრობთ, რომ ის მას განახორციელებს და მე თავს შევიკავებ ამ თემის კომენტირებისგან“.

BM.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მოიკითხავს, როდის წარუდგენს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის კიდევ ერთ კანდიდატს.