28.აპრილი .2021 13:45

სებ-ის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა - გვენეტაძის კომენტარი სონღულაშვილის ინიციატივაზე

სებ-ის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა - გვენეტაძის კომენტარი სონღულაშვილის ინიციატივაზე
views 394
უკან

"ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა“, - ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

დავით სონღულაშვილი ლარის კურსის სამოქმედო გეგმის შექმნის ინიციატივით, პირველად 21 თებერვალს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დაამტკიცების დროს სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

BMG-მ ამ საკითხთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართა, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა სამუშაო ჯგუფების შექმნის შემთხვევაში ჩართვის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ამ საკითხზე ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

„ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა, არც ამერიკული დოლარის და არც რომელიმე სხვა ვალუტის მიმართ. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის უალტერნატივოა. იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი და დიდი საერთაშორისო რეზერვები აქვთ კურსის დაფიქსირება დოლართან ან ევროსთან მიმართებით ძალიან ხარჯიანი და საფრთხის შემცველია. ამას ბევრი მაგალითი მოწმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია და აღნიშნული რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას მოიაზრებს, რომელიც საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლას განაპირობებს და ამით მიღწეული იქნას ფასების სტაბილურობა.

რაც შეეხება გაცვლით კურსს, იმ ძალიან დიდი გამოწვევებისა და ფინანსური შემოდინებების დანაკლისის გამო, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო.

თუ გეგმაზე ვისაუბრებთ, თუ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამაზე იმუშავებს, ეროვნული ბანკი შეუერთდება ამ ჯგუფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასე რომ, ეს მუშაობა მიმდინარეა.

ლარის გაცვლითი კრუსის მართვის გეგმას რაც შეეხება, მე ასე ჩამოვაყალიბებდი - ეს არის ვაქცინაციის წარმართვა და ტემპის დაჩქარება, წესების დაცვა, რასაც მოსალოდნელია, რომ ტურისტების ზრდა მოჰყვეს და ეს შეანელებს დაწოლას გაცვლით კურსზე;

ბიუჯეტის დეფიციტი თავის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს;

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხარეს, წელს ინტერვენციების სახით ჩვენ უკვე - 250 მლნ დოლარი, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი გავყიდეთ, რაც საკმაოდ დიდი თანხებია და რეზერვების დაგროვებისა და ქვეყნის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიღებული დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია ასევე ადეკვატური ნაბიჯების მიღება, რომელიც თუნდაც დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებით მივიღეთ.

საბანკო-ფინანსურ სექტორის ნაწილშიც ძალიან ბევრი ზომა მივიღეთ და კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ნაბიჯები. ეს ფაქტორების ერთობლიობაში  გაცვლით კურსზე წნეხს ამცირებს.

ამავე დროს სხვა თანაბარ პირობებში პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა