მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ახალი რეგულაცია დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს ქმნის - MBC

60e70e61acc64
სალომე მეცხვარიშვილი
08.07.21 22:40
799
ეროვნული ბანკი ახალ საკრედიტო რეესტრს ქმნის. რეესტრი გააერთიანებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლების შესახებ საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას - რა ოდენობის სესხი აქვთ აღებული, რა შემოსავალი უფიქსირდებათ, მიუღიათ თუ არა კონკრეტულ მომხმარებელს უარი სესხის დამტკიცებაზე და ა.შ.

ბანკებისგან განსხვავებით რეესტრში ჩართვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ნებაყოფლობითია - მათ ანგარიშზე ამ დროისთვის 680 ათასი სესხია. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” დამფუძნებელი გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკრედიტო პორტფელის შესახებ მარეგულირებელს ინფორმაცია ისედაც მიეწოდება, თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო დეტალურ მონაცემებზეა საუბარი, რისი დამუშავებაც ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი იქნება.

“ჩვენ, როგორც მიკროსაფინანსო ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს, ხშირად გვიწევს შემოწმებების გავლა და პერიოდული ანგარიშგების გარდა საკმაოდ ბევრ და დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ეროვნულ ბანკს. ამ ფონზე საკრედიტო რეესტრისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ იქნება პრინციპული ცვლილება, თუმცა, ახალი რეგულაცია ნამდვილად არ გვიხარია.

ნებისმიერი ანგარიშის მომზადებას იმ სახით, როგორითაც მოთხოვნილია, სჭირდება რესურსი, ამიტომ შესაძლებელია, დაგვჭირდეს დამატებითი კადრების მოძიება, ან არსებულ თანამშრომლებს უნდა გავუზარდოთ დავალება, რაც ჩვენთვის დაკავშირებულია სახელფასო ხარჯის ზრდასთან”,- აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, რატომ სურს ახალი რეესტრის შექმნა ეროვნულ ბანკს, თუმცა, კითხვები აქვს, ხომ არ მოხდება ამ რეესტრისა და უკვე არსებული კრედიტინფოს მიზნებისა და ფუნქციების დუბლირება:

“ეროვნული ბანკის მიერ დეკლარირებული მიზნები გასაგებია - ახსნილი იყო, რომ ეს საჭიროა ანალიტიკური ინფორმაციის მოსაგროვებლად, რათა შესაძლებელი იყოს მსესხებლების რისკების შეფასება და ასეთი გზით უშუალოდ საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტების პორტფელის რისკების შეფასება.

ერთი კითხვა გვაქვს: ხომ არ მოხდება კრედიტინფოს და ამ რეესტრის მიზნებისა და ფუნქციების დუბლირება? შეიძლებოდა თუ არა სებ-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არა უშუალოდ საფინანსო ინსტიტუტებიდან მოპოვება, არამედ კრედიტინფოდან გადატანა, რამდენადაც ინფორმაციის დიდი ნაწილი სწორედ კრედიტინფოში გვაქვს წარდგენილი. ამით შემსუბუქდებოდა ბიუროკრატიული ტვირთი საფინანსო ორგანიზაციებისთვის”,- აცხადებს გია პეტრიაშვილი.