მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მოლოდინები ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით - ბლოგი

603663e4a7f70
ლუკა მიმინოშვილი
24.02.21 18:21
1579
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინასური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომელშიც უმოქმედო სესხების წილის ზრდაზეა საუბარი. მისი მიხედვით, უმოქმედო სესხები, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.4% გახდა, უახლოეს თვეებში მთლიანი პორტფელის 10%-ს მიაღწევს. მიუხედავად პორტფელის ხარისხის გაუარესების მოლოდინისა, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ; როგორც ჩანს, შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისას 1.2 მილიარდი ლარის „გადადება“ ცოტა მომატებულ თანხასაც კი შეიცავდა; ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ამ რეზერვირების გათვალისწინებით, ბანკთა ფინანსურ მაჩვენებლებზე, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული ბანკის განცხადებით, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს. 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული, კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს კი ფინანსური სტაბილურობის შემდეგ შეხვედრაზე განიხილავს. მთლიანობაში გასულ წელს 1.6 მილიარდი ლარის ბუფერების გამოთავისუფლება მოხდა, საიდანაც 1.2 მილიარდი ბანკებმა შესაძლო დანაკარგების რეზერვისკენ მიმართეს. 

სებ-ის მიხედვით, 2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 8.9% შეადგინა, ზრდის ძირითად მიზეზად ბიზნეს სესხების ზრდა დასახელდა, ამასთან ითქვა რომ სესხების ფარდობა მშპ-სთან გრძელვადიან ტრენდს აჭარბებს, რისი გამომწვევიც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდა და გაცვლითი კურსის ეფექტია.

სებ-ის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს. ეს განცხადება ძალიან საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ვის მოეთხოვება ეკონომიკური აქტივობის განსაზღვრა და მისი მაღალი ტემპების შენარჩუნება ეს სებ-ს არსად უხსენებია, იმედია ამაში საბანკო სექტორს არ ადანაშაულებენ და ამის გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებენ, რათა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს გაუტოლონ.

პანდემიის დაწყებისას, სებ-ის 2020 წლის აპრილში გაკეთებული განცხადება შემდეგი იყო: „ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს და როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ისე საბანკო სექტორს შეიძლება ჰქონდეს როგორც მომგებიანი, ისე წამგებიანი წლები. ბოლო ზარალიანი პერიოდი საქართველოს საბანკო სექტორისთვის 2008-09 წლები იყო, რის შემდეგაც სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ციკლურობა გათვალისწინებული იყოს და მომგებიანი წლების დროს ხდებოდეს საკმარისი ბუფერების დაგროვება, რათა წამგებიან წელს სექტორი შესაბამის მზადყოფნაში შეხვდეს. ეროვნული ბანკი ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად ამკაცრებდა საზედამხედველო მოთხოვნებს და დღევანდელ გამოწვევას საბანკო სექტორი კარგად მომზადებული ხვდება.“

არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაგვანახა, რომ საქართველოში ფუნქციონირებად ბიზნესებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევთ ფუნქციონირება, კომპანიებს გარდა საბანკო ვალდებულების გადახდისა უწევთ საოპერაციო ფულის მოძიება, რომელიც თითქმის ყოველი შემთხვევისათვის მიმდინარე შემოსავლებით ფინანსდებოდა, ქვეყნის დაკეტვამ და შემოსავლების შეჩერებამ კი ასეთი კომპანია ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშ დააყენა, ამას გარდა მნიშვნელოვნად გაამძაფრა სავალუტო ბაზარზე არსებული რყევები, რაც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევიც გახდა.

ბიზნესის ნაწილი სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით, ნაწილი კი საბანკო სექტორის მხრიდან გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობის გამო გადაურჩა აქამდე არსებულ ფინანსურ გამოწვევებს.

სებ-ის დღევანდელი განცხადების მიხედვით, აღნიშნული ეკონომიკური შოკის ეფექტი მეტწილად უკვე ასახულია საბანკო სექტორზე, თუმცა გაურკვევლობა მაინც ნარჩუნდება, აქ კი ეროვნული ბანკი გაურკვევლობის მიზეზად ვაქცინაციის დაწყებისა და პანდემიის დასრულების ვადებს ასახელებს.

თუმცა მხოლოდ პანდემია რომ იყოს... გარდა, არსებული პანდემიური ფონისა ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გაურკვევლობაც, რომელიც ეკონომიკაში აქტივობის მნშვნელოვანი შემაფერხებელია, გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა აღნიშნული აფერხებს ქვეყნის შიგნით არსებული კომპანიების აქტივობასაც, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნიდან არსებული ინვესტორების გასვლის საფუძველიც ხდება.

საბანკო სექტორი ზოგადი ეკონომიკური სურათის დაკვირვებისათვის საუკეთესო საშუალებაა, აქ კი ყოველწლიურად მოჭარბებულ რეგულაციებს ვხვდებით.

ვფიქრობ, დროა სებ-მა 2020 წლის აპრილში, ეკონომიკის ციკლურობასთან დაკავშირებით მისივე გაკეთებული განცხადება გაიხსენოს და საბანკო სექტორს დაკრედიტების მიმართლებით რეგულაციების გამარტივება დაიწყოს, განსაზღვროს კონკრეტული ვადა, თუ რა ვადით იქნება დაკრედიტების პოლიტიკის შერბილება და ეს ცვლილებები არამხოლოდ ლარის არამედ ვალუტის სესხებსაც შეეხოს.

ვფიქრობ, ასევე არასწორია ლარიზაციის თვითმიზნად ქონა, ლარს და ქართულ ეკონომიკას სანდოობა ჭირდება, ბანკებს დაკრედიტებაში თავისუფლება, ბიზნესს კი ფულადი რესურსი, რათა მოახერხონ წარმატებით გახსნა და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ პანდემიამდე არსებულ სურათს, ამასთან ლარის მიმართ უნდობლობა არათუ ხალხის არამედ სებ-ის ქცევითაც ცალსახა და შესამჩნებია, სავალუტო ბაზარზე გაყიდული დოლარის მოცულობა ამის ნათელი მაგალითია 2020 წლის განმავლობაში სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 873 მლნ დოლარი გაყიდა.

ვერ ვიქნებით მადლობლები მხოლოდ იმით, რომ რეგულაციები არ მკაცრდება, რადგან ახლა არათუ შენარჩუნების არამედ არსებული რეგულაციების შერბილების დროა.

ეს არის უნიკალური საშუალება რესურსი მივაწოდოთ ბიზნეს, ლიმიტირებული მოგების შემდეგ ვასტიმულიროთ საბანკო სექტორიც და ვიზრუნოთ რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და არა ხელოვნურად რიცხვების შენარჩუნება გათანაბრებაზე, როგორც ეს იანვრის ინფლაციის კალკულაციისას მოხდა.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>