მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მომდევნო პრეზიდენტს კარგ მდგომარეობაში მყოფ საფინანსო სისტემას გადავაბარებ - გვენეტაძე

63ff6a04b7e24
BM.GE
02.03.23 01:00
724
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით სებ-ის მომდევნო პრეზიდენტს გამართულ საფინანსო სისტემას გადააბარებს,- ამის შესახებ გვენეტაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არსებული შედეგი სებ-ის სწორი რეგულირებით არის განპირობებული.

“სისტემა, რომელსაც გადავაბარებ ჩემ შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. სისტემა არის მაღალკაპიტალიზირებული, არის მაღალი დონის ლიკვიდობა. ზედამხედველობის ჩარჩო ეფუძნება მაღალი დონის საერთაშორისო პრაქტიკას და მონიტორინგის სიზუსტეს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საფინანსო სისტემის მდგრადობის გაზრდის მიზნით სებ-ის მიერ გატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმათა შორის პასუხისმგებლიანი დაფინანსების სისტემის შემოღებაცაა.

“ეს იყო პასუხისმგებლიანი დაფინანსება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი განხილვები გვქონდა. თუ რა იქნებოდა ამ ცვლილებების გავლენა მსესხებლებზე, ეკონომიკაზე, მაგრამ ის რაც დავინახეთ გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე რასაც კრიტიკოსები ელოდნენ. ბევრი პროდუქტიც გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც ამ მოთხოვნებს მოერგო,”- განაცხადა გვენეტაძემ.

ამჟამად საქართველოს საბანკო სისტემა 14 კომერციული ბანკისგან შედგება. მათი აქტივების მთლიანი ზომა 67.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

2022 წლის განმავლობაში ქართულმა ბანკებმა რეკორდული მოცულობის 2.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს.