17.სექტემბერი .2019 14:00

სებ-ის პრეზიდენტი NDI-ს კვლევაზე: “არ დაგავიწყდეთ, საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ”

views 220
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 63% აცხადებს, რომ ეკონომიკური ვითარება არის "ცუდი". კობა გვენეტაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, ქვეყანაში საკმაოდ დადებითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია, თუმცა რეგიონალურ და გლობალურ ჭრილში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ."

"თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდი, არ დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, ზრდა იყო უფრო დაბალი, ვიდრე ეს ადრე იყო პროგნოზირებული, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა გლობალური ეკონომიკის პრობლემები გადაეცემა რეგიონალურ ეკონომიკას, რეგიონალური ეკონომიკიდან კი ქვეყნებს. ვფიქრობ, მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში სახეზეა. თუნდაც ის საგარეო შოკი, რომელიც ქვეყანამ გაიარა ივნისის თვეში, ამის მიუხედავად, ზრდა ჯერ-ჯერობით კარგ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ არის სწორი მაკროეკეონომიკური პოლიტიკა,"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს, 9%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა