მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბაზო სცენარით წელს 4%-იანი ზრდა, პესიმისტური სცენარით კი 1%-იანი ზრდა იქნება

601be35cc9438
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.21 21:35
981
საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის თანახმად, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4% უნდა იყოს, პესიმისტური სცენარით კი,  ზრდა 1% იქნება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემია უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მაშინ ეკონომიკური აღდგენა გაჭირდება.

“ძირითად სცენარში ჩვენ გვაქვს 4%-იანი ზრდა. ასევე გვაქვს უფრო პესიმისტური სცენარიც, რომ პანდემია უფრო გრძელვადიანი იქნება. ტურიზმის აღდგენაც უფრო ნაკლები იქნება, ასევე რეგიონის ქვეყნებშიც ეკონომიკური ვითარება გაუარესდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამ სცენარის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1% იქნება,” - ამბობს მესტვირიშვილი.

ეკონომიკის განვითარების სწორედ ეს ორი სცენარი არის განხილული სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც. უწყების შეფასებით, იმისთვის, რათა 4%-იანი ზრდის მიღწევა გახდეს შესაძლებელი, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს საგარეო მოთხოვნა, რომელიც ექსპორტსა და ტურიზმს მოიცავს. ამ გათვლების თანახმად, წელს საქართველომ ტურიზმიდან $870 მილიონი დოლარი, ანუ 2019 წლის ტურისტული შემოსავლის 25% უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელი საქართველომ 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნით დაასრულა. წინასწარ პროგნოზირებულზე მაღალი რეცესია გასული წლის ბოლოს დაწესებულმა ხელახალმა ლოქდაუნმა განაპირობა.