მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალისტებს უმასპინძლა

62f685b8964ae
BM.GE
12.08.22 21:25
960
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის" ფინალისტებს უმასპინძლა.

კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამებში მათი ჩართულობის გაზრდა იყო. 18-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების სწავლების მიზნით საკუთარი იდეები წარმოადგინეს. კონკურსის ფარგლებში სულ 60-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა. მათ დღევანდელ ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკონკურსო იდეები.

კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დამატებით სამი რჩეული დაასახელა, რომლებიც ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილებაში 3-თვიან სტაჟირებას გაივლიან.

კონკურსი ეროვნული ბანკის, პორტალ FinEdu.gov.ge - ის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისა" და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

"ახალგაზრდების ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. წელს უკვე მეორედ ვუერთდებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსით, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფინანსური განათლების საკითხებზე დაფიქრება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ, ხოლო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები კი ფინანსური განათლების კუთხით მოსწავლეებისთვის სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა.


12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.