მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა Bailout-ის წესები დაამტკიცა - მთავრობა კრიზისში მყოფი ბანკების გადასარჩენად დაფინანსებას გამოყოფს

5e04776b67896
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.19 13:00
1232
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის შედეგადაც, კრიზისში (გაკოტრების წინაშე) მყოფი ბანკებისთვის ახალი პროცედურები არის განსაზღვრული. ახალ პროცედურებს შორისაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის გადასარჩენად, სპეციალური დაფინანსების გამოყოფის (Bailout) შესაძლებლობაც. 

ორგანულ კანონში გაჩნდა 55 (4) მუხლი, რომელსაც - დროებითი სახელმწიფო დაფინანსება ეწოდება. კანონის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ ბანკზე გასცემს ფინანსურ დახმარებას, თუ აღნიშნული ბანკის გადარჩენა მთლიანად საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფო დაფინანსება ბანკების “გაჯანსაღებისა და რეზოლუციის” ჩარჩოს ფარგლებში მოხდება. დაფინანსება რამდენიმე ტიპის ფორმას შეიძლება ატარებდეს, მათ შორისაა - სახელმწიფოს მიერ ბანკისთვის თანხის სესხება, სახელმწიფოს მიერ ბანკის წილის შეძენა ან ბანკის ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. 

ახალი კანონმდებლობა რიგ სხვა პროცედურებსაც ითვალისწინებს. მათ შორის “რეზოლუციის” ჩარჩოს ფარგლებში, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება განახორციელოს კრიზისში მყოფი ბანკის მართვა, დანიშნოს/გაათავისუფლოს ბანკის მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეცვალოს ბანკის წესდება, ბანკის აქციების ბირჟაზე დაშვება/ბირჟიდან მოხსნა, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება იმ პირებისგან, რომელთა ქმედებამაც ზარალი გამოიწვია (აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა ისეთი თანამშრომლებისგან, რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს). ასევე კანონში სხვა მრავალი უფლება არის განსაზღვრული, რომელიც ეროვნულ ბანკს რეზოლუციის ჩარჩოს ფარგლებში ეძლევა. 

კანონის მიხედვით:

მუხლი 55 (2). ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება 

“1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა საჭირო სარეზოლუციო უფლებამოსილება, რაც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების შესრულებისთვის, მათ შორის: 

ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება; 

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ დაიცვას ამავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრინციპები; 

გ) განახორციელოს რეზოლუციაში მყოფი ბანკის აქტივებისა და ვალდებულების შეფასება; დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომლები, ადმინისტრატორები და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები; 
ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე; 

ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსულ ვალდებულებებზე ან/და შეუზღუდოს მხარეს კომერციულ ბანკთან გაფორმებულ კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებებთან მიმართებით ხელშეკრულების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა; 

ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებულ საქმეთა წარმოების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; 

თ) მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა; 

ი) მოახდინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირ(ებ)ზე გადაცემა. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტების გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ სხვა კომერციული ბანკის ან დროებით ბანკისათვის; 

კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; 

ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება; 

მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; 

ნ) გარდა კომერციული ბანკის მიერ სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენებისა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, ასევე, დერივატივების შესახებ ხელშეკრულება; 

ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები (გარდა უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები; 

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი ტიპის შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა ისეთი თანამშრომლებისგან, რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს; 

ჟ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ სარეზოლუციო რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება; 

რ) კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორებთან, შემფასებლებთან, იურისტებთან, ბუღალტრებთან, კონსულტანტებთან ან/და სხვა პირებთან ეფექტური რეზოლუციის მიზნებისათვის. ამ პირების მიერ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე გაწეული მომსახურების ხარჯებს გაიღებს ეროვნული ბანკი; 

ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისათვის, შეიმუშავოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას; 

ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი რეზოლუციასთან დაკავშირებული ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების უცხოური ბანკების ფილიალებზე გავრცელების თაობაზე; 

უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. 

2. რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები გამოიყენოს ინდივიდუალურად ან ერთობლივად, თითოეული შემთხვევისათვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 

3. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. ეს წესი ასევე ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტების რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცების და კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე. 

4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებას უწევს კომერციულ ბანკს, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, უცვლელი პირობებით გააგრძელოს აღნიშნული მომსახურების მიწოდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, ასევე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკის შემძენისათვის ან/და დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, უზრუნველყოს შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის მიერ მომსახურების მიწოდება კომერციული ბანკის ხარჯით. 

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებელი რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნის შესრულება. 

6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/დროებითი შეჩერება ან ახალი აქციების სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შესაძლოა, არ იქნას დაცული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან გარკვეული ვადით გადავადდეს მათი შესრულება. 

მუხლი 55 (4). დროებითი სახელმწიფო დაფინანსება 

1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ აღნიშნული აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება არ არის/არ იქნება საკმარისი. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოთხოვნა უნდა მოიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვასა და დასაბუთებას დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების შესახებ, მათ შორის, საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით. 

3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით: 

ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა; 

ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება; 

გ) სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ დაფინანსების გამოყოფა ამ კანონის 555 მუხლით დადგენილი წესით; 

დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და სხვა ისეთი ფორმით დაფინანსება, მათ შორის პირდაპირი ფორმით, რაც აუცილებელი იქნება რეზოლუციის მიზნებისათვის. 

4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ კომერციული ბანკი იმართებოდეს ადეკვატურ კომერციულ და პროფესიულ საფუძვლებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რასაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი. 

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით ადგენენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს. 

6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანების განხორციელებას ვალდებულებების პროპორციულად, რომელიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებებს რომლებიც ამავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან არის დაზღვეული დეპოზიტები. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს. 

7. შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანების დაწესების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის შემადგენელ ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, პერიოდულობასა და ვადებს. ზედა ზღვრის დადგენისას გაითვალისწინება პრინციპი, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდობას ან გადახდისუნარიანობას", - ნათქვამია კანონში.