მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკები ფულის გათეთრების მოთხოვნების დარღვევისთვის 1.1 მილიონით დააჯარიმა

626ff14a3ef26
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.22 19:00
1682
ეროვნულმა ბანკმა დღეს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს ფულის გათეთების პრევენციის მიზნით გატარებულ ზომებზეა საუბარი. ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოვლენილი დარღვევებისთვის სებ-მა ფინანსურ ორგანიზაციებს 1,709,900 ლარის ჯარიმები დააკისრა. მათ შორის კომერციული ბანკებისთვის დაწესებული სანქცია 1,1 მილიონი ლარია. დოკუმენტში არაა მითითებული დაჯარიმებული ბანკების და მისო-ების სახელები, ასევე მათი რაოდენობა.

სებ-ის მიერ ფულის გათეთრების მიმართულებით დაკისრებული ჯარიმები:

• კომერციული ბანკი - 1,117,500 ლარი;
• მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 386,700 ლარი;
• საბროკერო კომპანია - 112,500 ლარი;
• საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 69,200 ლარი;
• სესხის გამცემი სუბიექტი - 15,000 ლარი;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 9,000 ლარი.

რას აკეთებს ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების წინააღმდეგ?

“2021 წლის განმავლობაში განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც კომპლექსურ, ისე თემატურ, სპეციალურ და საკონტროლო ტიპის ადგილზე შემოწმებებს მოიცავდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილმა დისტანციური ტიპის საკონტროლო (ე.წ. follow-up) შემოწმებებმა, საზედამხედველო პროცესის მიმდინარეობაზე, პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ისინი ანგარიშების რთული მფლობელობის ქსელებს უღრმავდებიან და ანგარიშების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ იდენტიფიკაციას აწარმოებენ.

კომერციულ ბანკებთან მიმართებით სებ-ი შემდეგ ზომებს აწარმოებს:

• კლიენტების (მათ შორის, დისტანციური არხებით იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული) რისკის მიხედვით კლასიფიკაციის პროცესის, რისკის გადაფასებისა და რისკის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ადეკვატურობა;
• რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კლიენტების ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი;
• მმართველობისა და მფლობელობის სტრუქტურით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან, ოფშორებთან და მაღალი რისკის იურისდიქციებთან დაკავშირებული კლიენტების, ასევე, ასეთ ზონებთან დაკავშირებული ტრანზაქციებისა და მონაწილე მხარეების შესახებ ბანკის ცოდნა;
• ინტერნეტ ექვაირინგთან ასოცირებული რისკების მართვის პროცესის ეფექტიანობა;
• ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენის პროცესის ეფექტიანობა;
• საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენის პროცესის ეფექტიანობა (მათ შორის, ფიქტიური კომპანიების/ტრანზიტული დანიშნულებით კომპანიების გამოყენების გამოვლენის პროცესის ეფექტიანობა, გაეროს რეზოლუციების (TF/Proliferation) იმპლემენტაციის კუთხით გატარებული ზომები, პროგრამული უზრუნველყოფის ადეკვატურობა, საქველმოქმედო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ბანკის ცოდნა),”- წერს ეროვნული ბანკი.