მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ცვლად განაკვეთიანი სესხები შესაძლოა “რეფინანსირების” ნაცვლად სხვა ინდექსს მიაბას

62ea805e65c4f
შოთა ტყეშელაშვილი
03.08.22 19:15
1093
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც ეს კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. მის ნაცვლად, შესაძლოა, ცვლად განაკვეთიანი სესხები სხვა საბაზო ინდექსს მიებას, თუმცა რა იქნება ეს ინდექსი, ამის თაობაზე ეროვნულ ბანკში მკაფიო გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამ საკითხზე დღეს განმარტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუკი ცვლად განაკვეთიანი სესხები სხვა ინდექსს მიება, რეფინანსირების სესხებს მათზე მაინც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

"რაც შეეხება ცვლად განაკვეთიან სესხებს, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. არაერთი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ ამასთან დაკავშირებით თუ რა ინდექსის გამოყენება არის შესაძლებელი. ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. მოკვლევა დავამთავრეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისათვის დაგვჭირდება კიდევ მსჯელობა. ჩვენ ავხსნით რატომ არის უკეთესი ამ ინდექსზე გადასვლა. თქვენ სწორედ ახსენეთ, რომ ეს თავისთავად არ შეცვლის ვითარებას ამასთან დაკავშირებით, რომ გაიზრდება თუ არ გაიზრდება ცვლად განაკვეთიანი სესხის პროცენტი. ის ინდექსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად ასახავს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და ცვლილებებს მასთან დაკავშირებით,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე, 0.5 პროცენტული პუნქტით 30 მარტს გააძვირა. ეს ზრდა ქვეყანაში არსებული 13%-მდე გაზრდილი ინფლაციით იყო განპირობებული.

ჯერჯერობით, უცნობია რა ინდექსზე შეიძლება მიებას ცვლად განაკვეთიანი სესხი. ეს შესაძლოა, იყოს თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი TIBR, რომელიც ასევე 11%-ს შეადგენს და ის ფაქტობრივად, რეფინანსირების განაკვეთის მდგენელზე არის დაშენებული.