30.ნოემბერი .2022 18:35

სებ-მა ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

სებ-მა ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა
views 406
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდამჭერი პროგრამისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 220 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

USAID - ის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში.

"საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყების აღსანიშნავად შევიკრიბეთ. განვითარებული ფინანსური ბაზრები პროდუქტიულ ინვესტიციებში ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას, უფრო სწრაფ, სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. ასევე, გულისხმობს მეტ ფინანსურ სტაბილურობას და უკეთესი გადაცემის მექანიზმს მონეტარული პოლიტიკისთვის. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კარგ პლატფორმად ჩამოყალიბდება და თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებაში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

"USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს კაპიტალისა და ფულის ბაზრების განვითარებას, რადგან ეს ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას და დივერსიფიკაციას. განვითარებული ფინანსური ბაზარი ბიზნესს აძლევს ახალ შესაძლებლობებს კაპიტალის მოზიდვისთვის", - აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია - GFMTA 2018 წელს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ინიციატივით დაფუძნდა. დღესდღეობით, GFMTA ყველაზე დიდი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და ქვეყნის ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 15 სუბიექტს აერთიანებს, მათ შორისაა 11 კომერციული ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

"ასოციაციის მისიაა საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე ზრუნვა; კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ლიკვიდური ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ასევე, ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა. მისიის შესასრულებლად ასოციაცია ბაზრის მონაწილეთა პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტების და კომპეტენციების დანერგვაზეც მუშაობს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა