მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ლარის მერყეობის შესამცირებლად $40 მილიონი გაყიდა

60588bce59143
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 16:21
992
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა - ეს გადაწყვეტილება სებ-მა მიიღო მას შემდეგ, რაც სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3368 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსი 3.3293-ს შეადგენდა. 

"2021 წლის 22 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა",  ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ეს 2021 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $160 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღეს ლარის კურსის მერყეობის გაზრდა, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირდება, რამაც ბოლო 24 საათში 15% შეადგინა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 7.94 ლირა გახდა. თავის მხრივ, ლირის გაცვლითი კურსის ვარდნა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ნაჯი აგბალის გათავისუფლებას უკავშირდება.

გასულ ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ერდოღანის ნების საწინააღმდეგოდ რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 19%-მდე გაზარდა, ამ გზით ბანკი ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის შეკავებას გეგმავდა. ერდოღანი მაღალი ინფლაციის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვს, რასაც ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგება, რის გამოც პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.